საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

კალანდარიშვილი PACE-ზე: ღია წერილით დავადასტურეთ, რომ მათთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი სამთავრობო ტელევიზია იმედის ეთერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, 10 აპრილს, გაზაფხულის სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ ახალ რეზოლუციასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ევროსაბჭოსთვის ღია წერილით მიმართვას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, 10 აპრილის რეზოლუციაში PACE ცესკოს მოუწოდებს გააუქმოს დაწესებული ცვლილებები და შეზღუდვები, "რადგან ისინი გავლენას ახდენენ მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობაზე და საზოგადოების ნდობაზე".

ასევე, 22 აპრილს კალანდარიშვილის უწყებამ PACE-ს ღია წერილით მიმართა, სადაც ისინი წერდნენ, რომ დადგენილების კრიტიკოსები საარჩევნო ადმინსტრაციის დისკრედიტირებას ცდილობენ - ცესკომ ევროსაბჭოს მოუწოდა, რომ მიწოდებული ინფორმაცია მათთან გადაამოწმონ.

კალანდარიშვილის თქმით, ევროსაბჭოსთვის ღია წერილით მიმართვა ადასტურებს, რომ ცესკოსთვის "ევროინსტიტუტებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია". 

"რაც შეეხება ევროსაბჭოს რეზოლუციას და ჩვენს ღია საჯარო წერილს: 

ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა ცესკო-ს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მოქმედება, აქტივობა, რომელიც იმთავითვე ყოველთვის მცდელობა ხდება ხოლმე, რომ თავდაყირა წარმოჩინდეს ჩვენი ნებისმიერი მოქმედება, რაზეც არ უნდა იყოს ორიენტირებული და მიმართული -  ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ დავადასტურეთ ამ ღია წერილით, რომ ჩვენთვის ევროინსტიტუტები და მათთან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ჩვენ ისიც აღვნიშნეთ, რომ მათთან სწორი კომუნიკაცია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

და იქიდან გამომდინარე, რომ რეზოლუციაში ამოვიკითხეთ ისეთი შემთხვევა, რომლითაც მოუწოდებდნენ ცესკო-ს ამ დადგენილების ცვლილებას თუ გაუქმებას, მე ვფიქრობ, რომ მათ რომ ჰქონოდათ სწორი ინფორმაცია, ყველა შესაბამისი, ამ პროცესში მონაწილე მხარისგან სათანადო ინფორმაცია, ასეთ რეზოლუციას შეიძლება ადგილი არ ჰქონოდა". - თქვა კალანდარიშვილმა

კომენტარები