საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას - დადგენილებებზე ცესკო PACE-ს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს. ღია წერილში ცესკოს მიერ 3 აპრილის სხდომაზე ორ დადგენილებაში შეტანილ ცვლილებაზეა საუბარი. 

ცესკოს განცხადებით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ სანამ "ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდით, დაინტერესდებოდით ჩვენი პოზიციითაც, თუმცა დოკუმენტში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას". 

კალანდარიშვილის უწყება PACE-ს წერს, რომ დადგენილების კრიტიკოსები საარჩევნო ადმინსტრაციის დისკრედიტირებას ცდილობენ და მოუწოდებს, რომ მიწოდებული ინფორმაცია ცესკოსთან გადაამოწმონ.

10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გაზაფხულის სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში PACE ცესკოს მოუწოდებს გააუქმოს დაწესებული შეზღუდვები, "რადგან ისინი გავლენას ახდენენ მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობაზე და საზოგადოების ნდობაზე".

"ამ წერილის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 5 თვის თავზე კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია. ბოლო წვეთი კი ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში იმ დადგენილების საკითხის წამოჭრა იყო, რომელიც აბსოლუტურად ტექნიკური ხასიათისაა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ დააზუსტა კანონის ჩანაწერი, რომელიც უკვე წლებია არსებობს საარჩევნო კოდექსში.

ჩვენ გავეცანით თქვენს პოზიციას დადგენილებასთან დაკავშირებით და გვსურს აღვნიშნოთ, რომ იმ ფონზე, როცა ამ დადგენილებასთან მიმართებაში, არაერთგზის იქნა ჩვენი საჯარო პოზიცია და განმარტება ცხადად დაფიქსირებული, გვქონდა მოლოდინი, რომ სანამ ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდით, დაინტერესდებოდით ჩვენი პოზიციითაც, თუმცა დოკუმენტში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას". - ნათქვამია ცესკოს წერილში.

ცესკოს განცხადებით, ამ დადგენილებებს დამკვირვებლის უფლებები "არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა".

"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ალბათ გასაგები უნდა იყოს თუ რატომ დასრულდა ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავა ყველა ინსტანციაში საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ. მომჩივან პოლიტიკურ სუბიექტსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას საკუთარი პოზიციის დასაცავად არც ერთი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ და ვერც წარმოადგენდნენ, რადგან ასეთი არგუმენტები რეალურად არ არსებობს. შესაბამისად, იმთავითვე ნათელი იყო, რომ მათი სარჩელის მიზანი არა საარჩევნო პროცესის "სამართლიანობაზე" ზრუნვა, არამედ ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია იყო. სამწუხაროდ, მათ საკუთარ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც, ვინაიდან მათი ე.წ "არგუმენტების" გაზიარება და გადაუმოწმებელად გავრცელება ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორის თუ პოლიტიკოსის დღის წესრიგად იქცა.

ხსენებული დადგენილების კრიტიკოსები, ადამიანები, ვინც თქვენ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდათ მიზანმიმართულად ცდილობენ რეალობის დამახინჯებულად ინტერპრეტაციას. სხვაგვარად, რთულია აიხსნას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის, დამკვირვებელთა მიერ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გასაღების ეს მცდელობა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნულ დადგენილებას დაინტერესებული პირები იმ მოსაზრების დამკვიდრებისთვის იყენებენ, თითქოს საქართველოში არჩევნების ადმინისტრირება სათანადო სტანდარტით არ ხდება და წინასწარ ქმნიან ნეგატიურ განწყობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების მიმართ. სინამდვილეში, პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ კარგად იცის, რომ როგორც დადგენილებასთან, ისე 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლოა"- წერს ცესკო. 

ცენტრალური საარჩევნო კომისია ღია წერილში 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებსაც ახსნებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ცესკოს მტკიცებით, "ყველასთვის ცხადია, რომ ოპონენტების მიზანი სხვადასხვა ტიპის ცრუ ბრალდებებით საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შემცირებაა. ნდობის შელახვის ამ ტაქტიკას კი შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს, რადგან ის აღძრავს ამომრჩევლებს შორის უნდობლობას და ეჭვს, რაც აზიანებს საარჩევნო პროცესის მთლიანობას და ასუსტებს ინსტიტუციის რეპუტაციას და მისდამი ნდობას".

"რეალობა ერთია - საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება განახორციელა მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, როგორც მინიმუმ, დადასტურებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებითაც.

[...]

უფრო მეტიც, პოლიტიკურმა აქტორებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ, იზეიმეს კიდეც არჩევნებზე მათ მიერ მიღწეული შედეგი, თუმცა როცა დათვლის პროცესი დაიწყო და რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, სტრატეგია შეცვალეს. მაგალითად, საარჩევნო სუბიექტმა „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, რომელიც ხმების დათვლას ალტერნატიულ რეჟიმში საკუთარ ვებგვერდზე აწარმოებდა, მას შემდეგ რაც დაინახა, რომ მისი შედეგი საარჩევნო ადმინისტრაციისას ემთხვეოდა, მიუწვდომელი გახადა ვებგვერდი. ხოლო ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ უარი თქვა PVT-ის გამოქვეყნებაზე, როცა მისი და საარჩევნო ადმინისტრაციის შედეგები ერთმანეთს დაემთხვა. აღნიშნულის შესახებ საჯაროდ განაცხადეს კიდეც და საბოლოო ჯამში თავიანთი ქმედებით ხელი შეუწყეს ქვეყნაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამწვავებას. საგულისხმოა, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა „სამართლიანი არჩევნები“ მის მიერვე განხორციელებული PVT-ის შედეგებით მანიპულირებს. საზოგადოებას ახსოვს 2020 წლის პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებული შემთხვევა, როცა ორგანიზაციამ არასწორი შედეგი გამოაქვეყნა, რითაც ქვეყანაში პოლარიზაციას შეუწყო ხელი. მაგრამ ახლა დავუბრუნდეთ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს". - წერს ცესკო.

ცესკო ღია წერილში ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე წერს, რომ სხვა ქვეყნების პრაქტიკას თვალს ადევნებენ და  "განსხვავებით საქართველოსგან, ბევრი ქვეყანა ამ პროცესში კონვერტს საერთოდ არ იყენებს და ამომრჩევლის არჩევანი ხილვადია. თუმცა რატომღაც მათ შემთხვევაში ეს საკითხი პრობლემური არ არის, ჩვენ შემთხვევაში კი ჩარჩო კონვერტში ჩასმული, ამობრუნებული ბიულეტენი, სადაც არ აღიქმება თუნდაც გამოჟონილი მარკერის კვალი რომელი საარჩევნო სუბიექტის გასწვრივაა, ფარულობის დარღვევის მტკიცებულებაა. ასეთი ორმაგი სტანდარტით საკითხისადმი მიდგომა კი რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია". 

გარდა ამისა, ეუთო/ოდირის ანგარიშთან დაკავშირებით, წერს რომ "სხვა ქვეყნების მიმართ ბევრად მწვავე შენიშვნებია, თუმცა მათ შემთხვევაში არავინ საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე. და მაშინ ლოგიკურად ისმის რიტორიკული კითხვა - რატომ?".

"იდეალური არჩევნები არ არსებობს, არსად არც ერთ ქვეყანაში. ყოველთვის არსებობს რესურსი პროცესის კიდევ უფრო დახვეწის. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაც არჩევნებიდან არჩევნებამდე ცდილობს სულ უფრო სრულყოფილი გახადოს პროცესი. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე გასულ წელს ჩვენ განვახორციელეთ მასშტაბური სამუშაო და ქვეყანაში წარმატებით დავნერგეთ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. თუმცა სამწუხაროდ ამჟამად სახეზეა მთელი ამ პროცესის გაუფასურების მცდელობა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მათთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღეს". - წერს ცესკო.

ცესკოს განცხადებით, PACE-სთვის ღია წერილით მიმართვა და "რეალური ფატების შეხსენება" იმიტომ გადაწყვიტეს, რომ თანამშრომლობისთვის კვლავ ღია არიან.

"წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგება თანამშრომლობის წარმატებულ პრაქტიკას, რომელიც ჩვენს ინსტიტუციებს შორის წლების განმავლობაში არსებობს.

მოგმართავთ თხოვნით დაინტერესებული მხარეების მიერ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმეთ შესაბამის უწყებასთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მიიღეთ რეალური ინფორმაცია პირველწყაროსგან. ნუ შეხედავთ პროცესს ზედაპირულად, ვინაიდან თქვენი ნებისმიერი საჯარო მოსაზრება/შეფასება საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს.

ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ სრულ მზაობას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განვიხილოთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც გამოითქვა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ახლა სწორედ მსგავსი პროცესის ინიცირების და ჩართულ მხარეებს შორის მშვიდ გარემოში მსჯელობის დროა და არა პროცესში კიდევ უფრო მეტი სიმძაფრის შემოტანის მცდელობის". - წერს ცესკო.

კომენტარები