"ამას აქვს ერთადერთი ინტერესი - კარუსელებისთვის ველის გასუფთავება, მეტი არაფერი".
აქამდე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირს/დამკვირვებელს უფლება ჰქონდა, უბანზე მისული ამომრჩევლისთვის მოეთხოვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და უკანონობის გამოვლენის შემთხვევაში, მისთვის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება. ცესკოს მიერ 3 აპრილის სხდომაზე ორ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებებით, დამკვირვებლებს ეს უფლება ეზღუდებათ.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, ცესკოს ახალი ცვლილებები დამკვირვებლების საარჩევნო უბანზე ფუნქციებს ართმევს და აკანონებს ე.წ. კარუსელებს. ცესკო ცვლილებებს "პერსონალური მონაცემების დაცვის" მოტივით ხსნის.
ცვლილებები ბადებს რისკს, რომ დამკვირვებლები დარღვევების მტკიცებულებებს ვეღარ შეაგროვებენ, რაც თავის მხრივ, არჩევნების მიუკერძოებლობასა და სამართლიანობაზე უარყოფითად აისახება.
იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საარჩევნო საკითხებში ჩართული ორგანიზაციები ხედავენ საფრთხეს, რომ ცესკო უფრო მეტად იმუშავებს ქართული ოცნების ხელისუფლების სასარგებლოდ.
აქამდე, შემაკავებელ რგოლად მიუკერძოებელი დამკვირვებლები გვევლინებოდნენ, რომლებიც სწორედ ფოტო-ვიდეო მასალის გადაღებით, გამოქვეყნებით და საჩივრებზე დართვით ახდენდნენ დარღვევების დოკუმენტირებას - ახლა ცესკო ამ რგოლსაც სპობს.
რას ემსახურება ცესკოს მიერ მიღებულიყო ახალი დადგენილებები - ტაბულამ ამ შეკითხვით არჩევნების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს მიმართა.
"ჩვენ მივიღეთ ის სურათი, რომ დამკვირვებლებს ეკრძალებათ პირადობის მოწმობაზე შეხედვა, რომ დაადგინონ ნამდვილად იმ ამომრჩევლის არის თუ არა, ვინც შემოვიდა უბანზე ხმის მისაცემად. თუ მაინც დაინახავს, რომ მისი არაა და სხვისი პირადობით, ან საერთოდ არასათანადო დოკუმენტით აძლევს ხმას. ამის ფოტო-ვიდეო გადაღებაც კი, რომ შემდეგ მტკიცებულება დაურთოს საჩივარს, ეკრძალებათ.
ფოტო-ვიდეო მასალით წარდგენილ განცხადება-საჩივრებზეც კი გვეუბნებიან დღესაც, რომ ე.წ. კარუსელების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამ ფოტო-ვიდეო მასალასაც ეჭვქვეშ აყენებენ და მომავალში მივიღებთ იმ სურათს, რომ ფოტო-ვიდეო მასალაც კი არ გვექნება და საერთოდ იტყვიან, რომ ადგილი არ ჰქონია აღნიშნულს". - ამბობს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) სამართლებრივი ექსპერტი, გიორგი მონიავა ტაბულასთან.
გარდა დამკვირვებლებისა, ცესკოს ახალი დადგენილებით შემოღებული წესები აისახება საარჩევნო უბანზე მედიის მუშაობაზეც - "ერთი და იგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს უფლება აქვს, ერთ საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთისა. თუ აღნიშნულ წარმომადგენელს აქვს სურვილი, ფოტო-ვიდეოგადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია, დაიკავოს კენჭისყრის შენობაში კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილი".
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ხედავენ რისკს, რომ შეიძლება მედია საარჩევნო უბნიდან ნებისმიერ დროს გააძევონ.
"ცვლილებები კომისიის თავმჯდომარეს და საარჩევნო ადმინისტრაციას აძლევს უფლებას ისეთ ადგილას დასვას მედია, ან ისეთ დროს და ისეთი საფუძვლით გააძევოს, რომ საერთოდ არ იყოს გაძევების ან ასეთი ადგილის მიჩენის საფუძველი, ან საიდანაც შეიძლება მედიამ ვერანაირი დარღვევა ვერ დააფიქსიროს და მის მანდატს - გაშუქებას შეუშალოს ხელი. ჩვენ თუ მთლიანობაში ავიღებთ ამ ცვლილებებს და შევადარებთ საქართველოს კონტექსტს ეს ყველაფერი დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება, სწორედ ამ მიმართულებით". - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ნანუკა ყრუაშვილი ტაბულასთან.
ორგანიზაციების შეფასებითვე, კალანდარიშვილის უწყების ახალი ცვლილებები, შეიძლება შეფასდეს როგორ მატერიალური მტკიცებულებების მოპოვების შეზღუდვა.
"რეალურად მტკიცებულებების მოპოვებაშიც კი ხელს გვიშლიან, გარდა იმისა, რომ, სამართლებრივ პრინციპებსაც არღვევენ, როცა საარჩევნო კოდექსს აფართოებენ დავიწროების ნაცვლად. ამასთანავე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპს გვართმევენ და გვირღვევენ, რომ მტკიცებულება მოვიპოვოთ, რომ შემდეგ მათსავე კითხვაზე, როცა გვთხოვენ მტკიცებულებას ვანახოთ, ვაჩვენოთ ეს მტკიცებულება და ვუთხრათ, რომ ეს გადავიღეთ, ეს დარღვევა გამოვავლინეთ. ფაქტობრივად წინააღმდეგობაში მოდიან ახალ საკუთარ თავთან, როცა მტკიცებულებას გვთხოვენ და თან მათი მოპოვების უფლებას გვართმევენ და გვიკრძალავენ". - განმარტავს ყრუაშვილი.
როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოავლინეს ფაქტები, როცა ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე სხვა პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით აძლევდა ხმას. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, კასპის რაიონში, სოფელ ფერმაში 24-ე საარჩევნო უბანზე, როცა კაცი ხმის მიცემას ქალის პირადობის მოწმობით ცდილობდა.
"რაც ვნახეთ ჩვენ განსაკუთრებულად ჭარბი ოდენობით 2024 წლის არჩევნებზე, რომ ადამიანები სხვისი პირადობის მოწმობებით, სხვისი პასპორტებით შემოდიოდნენ; ან პასპორტებით, სადაც სხვისი პირადობის მოწმობები ედოთ, ან ფურცლები, სადაც სხვისი პირადობის ნომრები ეწერათ. კაცები ქალების პირადობის მოწმობით შემოდიოდნენ, ამისი არაერთი მტკიცებულება მასალა არსებობს, საჯაროდ ხელმისაწვდომია. არსებობს ეს პრობლემები და ამ პრობლემებს კიდევ უფრო უწყობს ხელს და ახალისებს ცესკო ამ დადგენილებით. ცდილობს რომ წაახალისოს ე.წ. კარუსელები". - ამბობს გიორგი მონიავა.
დადგენილებებთან დაკავშირებით კრიტიკას საარჩევნო ადმინისტრაციამ განცხადებით უპასუხა. კალანდარიშვილის უწყების მტკიცებით, კრიტიკოსები მიზანმიმართულად ცდილობენ კანონმდებლობის დამახინჯებულ ინტერპრეტაციას - "სხვაგვარად, რთულია აიხსნას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის, მათ მიერ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გასაღების ეს მცდელობა".
ცესკოს პასუხად, გიორგი მონიავა აცხადებს, რომ თუ მოტივი პერსონალური მონაცემების დაცვაა, მაშინ ტრადიციული წესით არჩევნების ჩატარებაც უნდა აიკრძალოს, რადგან ამომრჩეველი ე.წ სამაგიდო სიაში ხელის მოწერისას მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს ხედავს.
"ანალოგია რომ მოვიყვანოთ, როდესაც ტრადიციული წესით მიდის ამომრჩეველი უბანზე და ხელს აწერს სიაში, ის მისი პერსონალური მონაცემების გარდა, სიაში ხედავს დაახლოებით 40 ადამიანის პერსონალურ მონაცემს. მაშინ ამომრჩეველსაც უნდა ავუკრძალოთ შეხედვა, იგივე ლოგიკით, თუ დამკვირვებელს ეკრძალება შეხედვა პირადობის მოწმობაზე, პერსონალური მონაცემი არისო. ლეგიტიმური მიზანი იმისა, რომ დამკვირვებელმა დაინახოს პირადობის მოწმობა და იდენტიფიცირება მოახდინოს, რომ ნამდვილად ამომრჩეველს ეკუთვნის, ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პერსონალური ინფორმაციის არ დანახვა". - აღნიშნავს მონიავა.
7 აპრილს ცესკომ სოციალური ქსელით დადგენილებებთან დაკავშირებით ახალი მანიპულაციური კამპანია დაიწყო. საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ დამკვირვებლებს ამომრჩევლის აღრიცხვის უფლება არასდროს ჰქონიათ - რაც მართლაც ასეა, მაგრამ დამკვირვებლებს უფლება ჰქონდა ამომრჩევლის ნებართვით შეემოწმებინა მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოეხდინათ პირის იდენტიფიცირება, ხარვეზის შემთხვევაში კი მისი ფოტოსა ან ვიდეოზე აღბეჭდვა და საჩივრისთვის მტკიცებულების სახით დართვა.
"სწორედ ასეთ ერთეულ შემთხვევებში, დამკვირვებელი კი არ აღრიცხავს ამომრჩეველს, არამედ მას სთხოვს, რომ დაუზუსტოს მისი ვინაობა, რომ მოხდეს შედარება უკვე ვერიფიკაციის აპარატზე დაფიქსირებულ ინფორმაციასთან. ეს არ არის აღრიცხვა, ცესკოს ნამდვილად ეშლება და ცდილობს, ინფორმაციისა და საზოგადოების აღქმის მანიპულაცია მოახდინოს, რომ თითქოს ეს დავა აღრიცხვას ეხება. ეს დავა ეხება დამკვირვებლის ლეგიტიმურ უფლებამოსილებას, რომ აღმოაჩინოს უკანონობა და ეს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დაიცვას არჩევნების დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა". - გვეუბნება საია-ს წარმომადგენელი.
სადამკვირვებლო და უფლებადაცვითი ორგანიზაციების განცხადებით, ცესკოს დადგენილება თავისი შინაარსით, ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს - საქართველოს საარჩევნო კოდექსს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი იერარქიულად დადგენილებაზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტია. დადგენილება, როგორც წესი, კოდექსს უნდა აზუსტებდეს, მაგრამ ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებები, არათუ აკონკრეტებს კოდექსს, არამედ აფართოებს მას და ინტერპრეტაციის სივრცეებს ტოვებს:
"დამკვირვებელს პირადობის მოწმობის შეხედვის და დანახვის უფლება კოდექსით ისევ აქვს, თუმცა დადგენილებით ცესკომ ეს უფლება წაართვა - ეს სამართლებრივი ნონსენსია, ვინაიდან, არ შეიძლება დადგენილება ორგანულ კანონს ეწინააღმდეგებოდეს და თუ ეწინააღმდეგება მაინც ორგანული კანონი მოქმედებს. მაგრამ, რეალურად, პრაქტიკაში ცესკო ამ დადგენილებას გამოიყენებს, იმისათვის რომ უკანონოდ შეზღუდოს დამკვირვებლის უფლება, ამას აპირებს და ამიტომ ვითომ "დააზუსტა" ეს საკითხი, რომ თქვას - აი, ამ დადგენილებაში პირდაპირ წერია, რომ არ გაქვს ამის უფლება" - განმარტავს მონიავა.
ქართულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ჩემი ხმა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გაავრცელა სქემა, რომლითაც მათი განცხადებით, კენჭისყრის დღეს მმართველი გუნდი მოქმედებდა: "საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ნაწილს პასპორტში მოთავსებული ჰქონდა ან ID ბარათზე დაკრული ჰქონდა ფურცელი, რომელზეც დაწერილი იყო სხვა პირის პირადი ნომერი; ასევე, ამომრჩეველი ხმის მიცემას ტელეფონში არსებული ID ბარათის ფოტოასლის საშუალებით ახერხებდა;
გამყალბებელ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე ჰყავდათ მოკავშირე რეგისტრატორები, რომლებსაც: ა) სწრაფად უნდა შეეყვანათ ვერიფიკაციის აპარატში ფურცელზე დაწერილი პირადი ნომერი; ბ) და არ უნდა გაეკეთებინათ ან უხარისხოდ უნდა გაეკეთებინათ მარკირება".
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საბოლოო ანგარიშში ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავდა, გაეუმჯობესებინა იდენტიფიკაციის პროცედურების სიზუსტე:
"ხმის მიცემის პროცესისადმი ნდობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებრივი ნდობის გასაძლიერებლად, ხელისუფლებამ გამჭვირვალობა უნდა გააძლიეროს და ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პროცედურების ეფექტიანობა და სიზუსტე გააუმჯობესოს. ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის მოწყობილობების გამოყენებისთვის, საარჩევნო უბნებზე პირადი ნომრების ხელით შეყვანის მინიმუმამდე შესამცირებლად ზომები უნდა იყოს გამოკვლეული". - წერდა ეუთო/ოდირი.
"ფაქტობრივად კანონდება ე.წ. კარუსელები, კანონდება სხვის მაგივრად ხმის მიცემა. რა თქმა უნდა, ერთადერთი დაინტერესებული არის მმართველი პარტია და ის ასუფთავებს ნებისმიერ, ოდნავ მაინც ხელის შემშლელს აქტორს ველიდან, რომ მაქსიმალური მიიღოს ქართულმა ოცნებამ, თან ამას კანონის დარღვევით აკეთებენ. აქვთ ერთადერთი ინტერესი - ე.წ. კარუსელებისთვის ველის გასუფთავება, მეტი არაფერი" - აღნიშნავს ISFED-ის წარმომადგენელი.
ცესკოს დადგენილებების გაუქმების მოთხოვნით, ISFED-მა სასამართლოს მიმართა. დამოუკიდებელი საჩივარი შეიტანა კოალიცია ძლიერმა საქართველომაც. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე სარჩელი გააერთიანა, ერთ წარმოებად განიხილა და არ დააკმაყოფილა.
ორგანიზაციამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა, ცესკოს დადგენილების შესახებ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა საიამაც. ორგანიზაციების სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.




