წულუკიანის კომისია

გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის საქმეზე, კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო. 

ვაშაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდება სხდომაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა.

ვაშაძის განცხადებით, გუნდთან ერთად გადაწყვეტს გადაიხდის თუ არა გირაოს.

ქართული ოცნების "საგამოძიებო კომისიამ" გიორგი ვაშაძე 11 აპრილის სხდომაზე დაიბარა. ვაშაძემ კომისიაზე მისვლაზე უარი თქვა.  

ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" მიუსვლელობის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. ასევე 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული გივი თარგამაძეს. 20 000-ლარიანი გირაო აქვს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. კოალიციის კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

კომენტარები