პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება

საფლავი უნდა იყოს მიწაში, მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე – პაპის ანდერძი

პაპი ფრანცისკე
Alessandra Benedetti/Corbis News/Getty Images

ვატიკანმა პაპი ფრანცისკეს ანდერძის სრული ტექსტი გამოაქვეყნა.

21 აპრილს პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის ცნობით, მისი სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა. ექიმის განმარტებით, ინსულტმა ჯერ კომა, მოგვიანებით კი გულის მძიმე უკმარისობა გამოიწვია.

პაპი ფრანცისკე სამედიცინო დაწესებულებაში 14 თებერვალს გადაიყვანეს. თავდაპირველად მას სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს. 

22 თებერვალს წმიდა საყდარმა განაცხადა, რომ უზენაესი პონტიფექსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

პაპი საზოგადოებამ ბოლოს 20 აპრილს იხილა, როდესაც მან წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ტრადიციულად საზოგადოებას მიმართა და სააღდგომო კურთხევა წარმოთქვა.

ვატიკანის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაკრძალავენ.

გთავაზობთ პაპი ფრანცისკეს ანდერძის სრულ ტექსტს:

Miserando atque Eligendo

ყოვლადწმინდა სამების სახელით. ამინ.

რადგან ვგრძნობ ჩემი მიწიერი ცხოვრების დაღამების მოახლოებას და მტკიცე იმედით ვუცქერ მარადიულ ცხოვრებას, მსურს, დავტოვო ჩემი უკანასკნელი სურვილები მხოლოდ ჩემი დაკრძალვის ადგილის შესახებ.

ჩემი ცხოვრების, და მღვდლად და ეპისკოპოსად ჩემი მსახურების განმავლობაში, ყოველთვის მივანდობდი თავს ჩვენი უფლის დედას, ნეტარ ქალწულ მარიამს. ამ მიზეზით ვითხოვ, რომ ჩემმა მოკვდავმა ნეშტმა - აღდგომის დღის მოლოდინში - სანტა მარია მაჯორეს საპაპო ბაზილიკაში განისვენოს.

მინდა, ჩემი საბოლოო ამქვეყნიური მოგზაურობა დასრულდეს სწორედ ამ უძველეს მარიამისეულ ტაძარში, სადაც ყოველთვის ვჩერდებოდი სალოცავად ყოველი სამოციქულო მგზავრობის დასაწყისსა და დასასრულს, როდესაც თავდაჯერებით ვუნდობდი ჩემს განზრახვებს უბიწო დედას, და მადლობას ვეუბნებოდი მისი ალერსიანი და დედობრივი ზრუნვისთვის.

ვითხოვ, რომ ჩემი საფლავი მომზადდეს გვერდითი ნავის დაკრძალვისთვის განკუთვნილ კედელში, ბაზილიკის პავლეს კაპელასა და სფორცას კაპელას შორის, როგორც ეს მიმაგრებულ გეგმაშია ნაჩვენები.

საფლავი უნდა იყოს მიწაში: უბრალო, განსაკუთრებული ორნამენტების გარეშე, მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე.

დაკრძალვის მომზადების ხარჯი დაიფარება ბენეფაქტორის მიერ მოწოდებული თანხით, რომელიც უზრუნველვყავი, რომ სანტა მარია მაჯორეს საპაპო ბაზილიკას გადაეგზავნოს. ამის შესახებ საჭირო ინსტრუქციები მივეც ლიბერიუსისეული ბაზილიკის განსაკუთრებულ კომისარს, კარდინალ როლანდას მაკრიკასს.

დაე უფალმა შესაფერისი ჯილდო უბოძოს ყველას, ვისაც ვუყვარდი და ვინც განაგრძობს ჩემთვის ლოცვას. ტანჯვას, რომელიც თან ახლდა ჩემი ცხოვრების ბოლო მონაკვეთს, უფალს ვწირავ - მსოფლიოში მშვიდობისა და ხალხებს შორის ძმობისთვის.

სანტა მარტა, 29 ივნისი, 2022 წ.

ფრანცისკე

კომენტარები