აღდგომის ორშაბათს პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებით კათოლიკე ეკლესიამ პაპი ფრანცისკე - რომის ეპისკოპოსი, იესო ქრისტეს ვიკარიუსი, მოციქულთა თავის მემკვიდრე, მსოფლიო ეკლესიის უმაღლესი პონტიფექსი, იტალიის პრიმასი, რომის პროვინციის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, ღმრთის მსახურთა მსახური და დასავლეთის პატრიარქი - დაკარგა.

პაპის გარდაცვალების ან მისი გადადგომისთანავე იწყება საყდრის ვაკანტურობის პერიოდი, ლათინურად Sede Vacante, რომელიც ახალი პაპის არჩევით მთავრდება და იგი გულმოდგინედ განსაზღვრული ცერემონიულობით აღსავსე 2-3 კვირას მოიცავს. ამ გარდამავალი, მაგრამ ღრმად მნიშვნელოვანი ფაზის მიზანი მიცვალებული პაპის შესაბამისი მოკრძალებით დაკრძალვა და ახალი პონტიფექსის წყნარი დიდებულებით არჩევაა.

ვაკანტურობის პერიოდში პაპის გარდაცვალებით გამოწვეული სიცარიელე წმიდა საყდრის გერბზეც აისახება, რომელზეც აღარ გვხვდება პაპის ტიარა და მას ქოლგა (ლათინურად umbraculum) ანაცვლებს. ეს სიმბოლურად პაპის არ არსებობასა და საყდრის ამქვეყნიურ საკითხებზე კამერლენგოს დროებით მმართველობას განასახიერებს. მხოლოდ ამქვეყნიურ საკითხებზე იმიტომ, რომ აღარ არსებობს ეკლესიის უმაღლესი სულიერი წინამძღოლი, დროებით დაკარგულია პაპის უფლებამოსილება და შესაბამისად, შეზღუდულია ვატიკანის საქმიანობა. უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ ცარიელია წმინდა პეტრეს მრავალსაუკუნოვანი კათედრა, რომელსაც უნდა იკავებდეს ეკლესიის გამაერთიანებელი, უნივერსალური უფლებამოსილების გამცემი პონტიფექსი, რომელიც კათოლიკური სწავლების მიხედვით, წმინდა პეტრეს პირდაპირი მემკვიდრე უნდა იყოს. პეტრესი, რომელსაც ქრისტემ მოუწოდა: "აძოვე ჩემი ცხვრები".

წმიდა საყდრის გერბი Sede Vacante-ს პერიოდში

Pontifex mortuus est

პაპის გარდაცვალების შემდეგ ვატიკანის მართვის სადავეებს დროებით პაპის კამერლენგო, ირლანდიელი კარდინალი კევინ ფარელი იღებს ხელში, თუმცა მისი თავდაპირველი პასუხისმგებლობა პაპის გარდაცვალების ფორმალურად დადასტურებაა.

პაპი ფრანცისკეს, ისევე როგორც მისი ბოლო რამდენიმე წინამორბედის შემთხვევაში, გარდაცვალებას ექიმები ადასტურებენ, ხოლო პროცესს ზედამხედველობას კამერლენგო უწევს.

არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ პაპის გარდაცვალების დადასტურება მის შუბლზე ცერემონიული ჩაქუჩის მსუბუქად დარტყმითა და მისი ნათლობის სახელის სამჯერ დაძახებით ხდება, თუმცა მსგავსი რიტუალი ოფიციალურ ტექსტებში არ გვხვდება. 

პაპი ფრანცისკეს ნეშტი კასა სანტა მარტას კაპელაში

ექიმების მიერ სიკვდილის დადასტურების შემდეგ, კამერლენგო ოთახში თავმოყრილ პირებს ლათინურად ამცნობს, რომ პაპი ფრანცისკე ჭეშმარიტად გარდაიცვალა - Vere, Franciscus mortuus est. კამერლენგო სამწუხარო ამბავს ასევე ამცნობს რომის კარდინალ ვიკარს, რომელიც რომის ეპარქიაზეა პასუხისმგებელი, და კარდინალების კოლეგიის დეკანს.

ვინაიდან პაპი ასევე რომის ეპისკოპოსი და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურიცაა, რომის ეპარქიის მთავარი ადმინისტრატორის პასუხისმგებლობაა, რომ ქალაქ რომს პაპის გარდაცვალება აცნობოს, რაც თანამედროვე ეპოქაში ამბის მსოფლიოსთვის გაზიარების ტოლფასია. თავის მხრივ, კარდინალების კოლეგიის დეკანი პაპის გარდაცვალებას ატყობინებს მსოფლიოში კათოლიკე კარდინალებსა და წმინდა საყდარში აკრედიტებულ დიპლომატთა კორპუსს.

ამის შემდეგ წმინდა პეტრეს მოედანსა და რომში ეკლესიების ზარების რეკვა იწყება და სახელმწიფოში ვატიკანის თეთრ-ოქროსფერი დროშები ნახევარზე დაეშვება, ხოლო კარდინალებს ელექტრონული მეილების მეშვეობით ვატიკანში გამოიძახებენ.

ამის პარალელურად, კამერლენგო იწყებს პაპის აპარტამენტების შემოწმებას; აგროვებს სხვადასხვა ნივთს; ადგენს, არსებობს თუ არა საბოლოო ანდერძი; რის შემდეგაც იგი გასცემს გარდაცვალების მოწმობის შექმნის ნებართვას; ლუქავს პაპის პირად ოთახს; რომელიც მხოლოდ ახალი პაპის არჩევის შემდეგ გაიხსნება და აყენებს კართან დაცვას.

კამერლენგო, კარგინალებთან ერთად, ლუქავს პაპის პირად ოთახს

პაპი ფრანცისკეს ცხედარს, ტრადიციისამებრ, შემოსავდნენ თეთრი ფერის სუტანით, რის შემდეგაც მისი ნეშტი კასა სანტა მარტას კაპელაში დაასვენეს, სადაც კარდინალმა კევინ ფარელმა, ვატიკანის ოფიციალურ პირებთან და პაპის ოჯახის წევრებთან ერთად, ზედამხედველობა გაუწია პაპის სასახლეში ჩასვენების პროცესს.

კამერლენგოს კიდევ ერთი უმთავრესი პასუხისმგებლობა პაპის ავტორიტეტისა და ძალაუფლების სიმბოლოების განადგურებაა. იგი პაპის თითიდან ხსნის "მეთევზის ბეჭედს", რომელსაც წარსულში სხვა კარდინალების თანდასწრებით ცერემონიულად ამსხვრევდნენ, თუმცა დღესდღეობით შესაძლოა, ბეჭედი უბრალოდ გაკაწრონ ან ნიშანი გაუკეთონ. წარსულში ბეჭდის განადგურების მიზანი მისი გამოყენებით ყალბ დოკუმენტებზე ბეჭდის დასმის აღკვეთა იყო. შესაბამისად, მეთევზის ბეჭდის განადგურება პაპის უფლებამოსილების დასასრულს ნიშნავს, ხოლო ახალი პაპის არჩევის შემდეგ მისი ხელახლა გამოჭედვა ხდება, რომელზეც კვლავ წმინდა პეტრე იქნება გამოსახული, მეთევზის ბადით ხელში. ამას გარდა, კამერლენგო ანადგურებს ოფიციალური დოკუმენტებისთვის განკუთვნილ ბეჭედსაც. 

მეთევზის ბეჭედი პაპ ბენედიქტ XVI-ის ხელზე

პაპის კათედრის ოფიციალურად დაქვრივების შემდეგ კამერლენგო დროებით იღებს წმინდა საყდრის საერო საკითხების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებლობას და იწყებს პაპის დაკრძალვისთვის გეგმების მომზადებას.

ფრანცისკეს გარდაცვალებიდან მეორე დღეს კარდინალთა კოლეგია ვატიკანში შეიკრიბა და კონგრეგაციაზე პაპის დაკრძალვის ცერემონიასთან ერთად მისი მემკვიდრის არჩევის გეგმებიც განიხილეს. მათი გადაწყვეტილებით, პონტიფექსი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ოთხშაბათსვე გადაასვენეს.

პაპი ფრანცისკეს ნეშტი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში

წესისამებრ დაკრძალვა პაპის გარდაცვალებიდან 4 ან 6 დღის შემდეგ ხდება. ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაკრძალავენ, რა დროსაც წმინდა პეტრეს მოედანზე კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე ლიტურგიას აღასრულებს. 2005 წელს პაპი იოანე პავლე II-ეს დაკრძალვის ცერემონია მისი გარდაცვალებიდან 6 დღეში დაინიშნა, ხოლო მომდევნო პაპის ასარჩევად კონკლავი 10 დღის შემდეგ შეიკრიბა.

უძველესი ტრადიციის მიხედვით, რომელიც სათავეს ძველ რომში იღებს, პაპის გარდაცვალებიდან 9 დღის განმავლობაში კათოლიკე ეკლესია გლოვას აცხადებას, რასაც Novemdiales ეწოდება. ამ პერიოდში ეკლესია გარდაცვლილ პონტიფექსს პატივს მიაგებს და კონკლავისთვის სამზადისს იწყებს. 9-დღიან პერიოდში ჩატარებული ლიტურგიები მორწმუნეებს გლოვის დროს აძლევს.

პაპის დაკრძალვა

წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადასვენებამდე და შემდგომ დაკრძალვამდე პაპს თეთრი ფერის სუტანაში, წითელ კაზულასა და პალიუმში მოსავენ, თავზე თეთრი მიტრით. იმის მიხედვით, თუ რას გადაწყვეტს ვატიკანი, პაპის ნეშტს შესაძლოა, ჩაუტარდეს ბალზამირებაც. ბაზილიკაში გადასვენების შემდეგ კი მორწმუნეებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ეძლევათ, მივიდნენ და პატივი მიაგონ გარდაცვლილ პონტიფექსს.

პაპი ფრანცისკეს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადასვენების ცერემონია

პაპს ნაკურთხ წყალს ასხურებენ და სახეს თეთრი აბრეშუმის სუდარით ფარავენ. პაპის განსასვენებელ სასახლეში ასევე ათავსებენ საყდარზე მისი ყოფნის პერიოდში მოჭრილ მონეტებსაც, მაგალითად, იოანე პავლე II 26 მონეტასთან ერთად დაკრძალეს, მისი პაპობის ყოველი წლის აღსანიშნავად. სასახლეში ასევე დებენ rogito-ს, რომელიც პაპის ცხოვრებასა და კათედრაზე ყოფნის პერიოდს აღწერს. მისი მეორე ასლი კი ვატიკანის არქივში ინახება.

ამასთანავე, ტრადიციისამებრ, პაპს ხელში სავარდით, გარდაცვალების მოწმობასთან ერთად კრძალავენ. დასაფლავებამდე პაპის კუბო ვატიკანის ოფიციალური პირებისა და კარდინალების თანდასწრებით ილუქება და ხშირად ამ ამაღელვებელ მომენტში ფსალმუნი ან ჰიმნი სრულდება, როგორიცაა 42-ე ფსალმუნი: "როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენკენ, ღმერთო!"

მიცვალებული პაპის დაკრძალვის ცერემონიისთვის რიტუალები ზედმიწევნით რომის პონტიფექსთა დაკრძალვის წესების წიგნშია (Ordo exsequiarum Romani pontificis) გაწერილი, რომელიც ლიტურგიას, ლოცვებსა და საგალობლებს მოიცავს. რიტუალთა ნაწილი სიძველით საუკუნეებს ითვლის და მათი გამოყენებით ისტორიის მანძილზე 250-ზე მეტი პაპია დაკრძალული. 

პაპი ფრანცისკე, მიუხედავად იმისა, რომ კათედრაზე ყოფნის დროს მისი ბოლო ორი წინამორბედის მიერ გაკვალული გზიდან გადახვევას ცდილობდა, გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე მისი ნეშტი მეტწილად იმავე გზას გაივლის, როგორც ეს 2005 წელს იოანე პავლე II-ეს დაკრძალვისას მოხდა. იოანე პავლესგან განსხვავებით პაპი ბენედიქტე 2013 წელს გადადგა, რითაც ის პირველი პაპი იყო 1415 წლის შემდეგ რომელიც ასე მოიქცა. მაშასადამე, ვინაიდან ბენედიქტე საყდარზე ყოფნის მომენტში არ აღსრულებულა, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია იოანე პავლე II-ეს დაკრძალვის მსგავსი იქნება.

ფრანცისკეს დაკრძალვისთვის ასევე გამოიყენებენ 20-გვერდიან Universi Dominici Gregis-ს, რაც ლათინურად "უფლის მთელი ფარის მწყემსს" ნიშნავს. იოანე პავლემ აღნიშნული სამოციქულო კონსტიტუცია 1996 წელს გამოსცა. 2005 წლის 2 აპრილს მისი გარდაცვალების შემდეგ, იოანე პავლეც სწორედ ამ წესების მიხედვით დაკრძალეს.

პაპი ფრანცისკეს პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ვატიკანში მომდევნო დღეების განმავლობაში მსოფლიოს რელიგიური ლიდერები, მგლოვიარეები და სახელმწიფო ლიდერები ჩავლენ, რათა პატივი მიაგონ და გამოემშვიდობონ ისტორიულ პონტიფექსს. მსოფლიო ლიდერებს შორის იქნებიან არგენტინის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, აშშ-ს, გაეროსა და უკრაინის წარმომადგენლებიც.

ამასთანავე, ტრადიციის მიხედვით, პურისა და ღვინის კურთხევის დროს დაიჩოქებს შვეიცარიული გვარდია, რომელიც პაპსა და სამოციქულო სასახლეს 1506 წლიდან მოყოლებული იცავს. 

შვეიცარიული გვარდია პაპი ფრანცისკეს სასახლესთან

მსახურების შესრულების შემდეგ ფრანცისკეს ნეშტს წმინდა პეტრეს ბაზილიკის საკურთხევლის მარცხნიდან, "სიკვდილის კარის" გავლით გაიტანენ, რა დროსაც დაიწყება დაკრძალვის ზარების რეკვა.

მიუხედავად იმისა, რომ პონტიფექსის დაკრძალვის ცერემონია მრავალსაუკუნოვანი კათოლიკური ტრადიციის დაცვით წარიმართება, პროცესში თანმდევი იქნება უბრალოება, რაზეც ფრანცისკე მოღვაწეობის განმავლობაში ამახვილებდა ყურადღებას.

2024 წლის აპრილში პაპმა ფრანცისკემ Ordo exsequiarum Romani pontificis-ს ახალი გამოცემა დაამტკიცა, რითაც მან თავისივე დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული დეტალები გაამარტივა. ახალი წესების თანახმად, გაუქმდა დაკრძალვისთვის სამმაგი კუბოს გამოყენების ტრადიცია, რომელიც კვიპაროსის, ტყვიისა და მუხისგან მზადდებოდა.

გარდაცვლილმა პონტიფექსმა ანდერძში დაიბარა, რომ "საფლავი უნდა იყოს მიწაში: უბრალო, განსაკუთრებული ორნამენტების გარეშე, მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე".

როგორც წესი, პაპს წმინდა პეტრეს ბაზილიკის ქვეშ მდებარე ვატიკანის გროტოებში ასაფლავებენ, თუმცა ფრანცისკემ ანდერძში ითხოვა, რომ ვატიკანის კედლებს მიღმა, რომის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალვა სურს. ანდერძის შესაბამისად, პონტიფექსს ბაზილიკის გვერდითი ნავის დაკრძალვისთვის განკუთვნილ კედელში, პავლეს კაპელასა და სფორცას კაპელას შორის, დაკრძალავენ.

პაპის ლიტურგიული ცერემონიების ხელმძღვანელის, არქიეპისკოპოსი დიეგო რაველის თქმით, "განახლებული წესი მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას, რომ რომის პონტიფექსის დაკრძალვა არა ამქვეყნიური ძლევამოსილი პიროვნების, არამედ ქრისტეს მოწაფისა და პასტორის დაკრძალვაა".

სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკა

Interregnum

პაპის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიაში იწყება მმართველობის შეზღუდული ფორმა და საყდრის ვაკანტურობის პერიოდში საეკლესიო საკითხებს კამერლენგო და კარდინალები განაგებენ. ამ პერიოდში ვერ მოხდება პაპის, როგორც კანონმდებლის, მოსამართლისა და პასტორის, უზენაესი უფლებამოსილების დელეგირება, შესაბამისად მკაცრი შეზღუდვები წესდება ვატიკანის ოფისებსა და მათ ფუნქციონირებაზე.

ეკლესიის საერო საკითხებზე დროებით პასუხისმგებლობას იღებს კამერლენგო, რომელიც გარდამავალ პერიოდში განაგებს ფინანსების, საკუთრებისა და ყოველდღიურ საკითხებს, შესაბამისად მისი როლი უფრო მომვლელობითია და იგი თავისთავად არ არის პაპის ჩამნაცვლებელი.

ამ პერიოდში კამერლენგოს სამი თანაშემწე კარდინალი ჰყავს, რომლებსაც ყოველ სამ დღეში ერთხელ კარდინალთა კოლეგიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ირჩევენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღება. სამი კარდინალიდან ერთი ეპისკოპოსია, მეორე - მღვდელი, ხოლო მესამე - დიაკვანი.

საყდრის ვაკანტურობის პერიოდი ასევე ვატიკანის ოფისების საქმიანობის შეჩერებასაც გულისხმობს. 2-3 კვირის განმავლობაში ფუნქციონირებას წყვეტენ დიკასტერიების უმრავლესობა, ვინაიდან მათი უფლებამოსილება პაპისგან მომდინარეობს. გამონაკლისებია სამოციქულო სადამსჯელო, წმინდანთა საკითხების კონგრეგაცია და რომაული როტა.

უმთავრესად, ამ პერიოდში არ მიიღება არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მაგალითად ეპისკოპოსების დანიშვნა, ვინაიდან ამისთვის პაპის უფლებამოსილებაა საჭირო.

თავის მხრივ, კარდინალთა კოლეგია გენერალური კონგრეგაციების მეშვეობით, რომელიც რომში მყოფი ყველა კარდინალის ყოველდღიურ შეხვედრას გულისხმობს, იღებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას მეორეხარისხოვან ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებზე. ამ შეხვედრებზე კარდინალები კონკლავის, დაკრძალვისა და სხვა მყისიერი მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ, ხოლო განსაკუთრებული კონგრეგაციები, იგივე მცირე ზომის კომიტეტები, რომლებსაც კამერლენგო ხელმძღვანელობს, რუტინულ ადმინისტრაციულ საკითხებს განაგებენ.

კარდინალები წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, 2013 წ.

პაპის კათედრის ვაკანტურობის დროს მსოფლიოში ეპისკოპოსები, მღვდლები და სხვა საეკლესიო პირები საკუთარ მოვალეობებს უწყვეტად აგრძელებენ, მათ შორის, ხელუხლებელი რჩება ეკლესიის საკრამენტული და სამოძღვრო საქმიანობა.

ხოლო ზოგადად ვატიკანის სახელმწიფო განაგრძობს სუვერენულ ერთეულად არსებობას კამერლენგოს ზედამხედველობის ქვეშ, რომლის უსაფრთხოებასაც შვეიცარიული გვარდია იცავს.

სამზადისი კონკლავისთვის

პაპის დაკრძალვის ცერემონიის პარალელურად კარდინალები კონკლავის დასაგეგმად იკრიბებიან, ვინაიდან საყდრის ვაკანტურობის პერიოდის უმთავრესი მიზანი ახალი პაპის არჩევაა. ამისთვის იწყება სიქსტეს კაპელას გამზადება. წინმსწრებ პერიოდში ასევე არაფორმალურად მიმდინარეობს პაპობისთვის სავარაუდო კანდიდატების გამორჩევა.

კონკლავი სიქსტეს კაპელაში

სიტყვა კონკლავი ლათინური არსებითი სახელია, რომელიც ძველი რომიდან მომდინარეობს და გამოკეტილი ოთახის აღსაწერად გამოიყენება, თუმცა სიტყვა-სიტყვით ლათინურად cum clave “გასაღებით”-ს ნიშნავს, ხოლო Sede Vacante-ს შემთხვევაში კარდინალების დახურულ, საიდუმლო შეკრებას გულისხმობს. ამ ცერემონიის აღსაწერად სიტყვა კონკლავის გამოყენება სათავეს 1274 წლიდან იღებს, როდესაც პაპმა გრიგოლ X-მ თქვა, რომ ხმის მიმცემები ოთახში გასაღებით უნდა იყვნენ გამოკეტილი და მათ ოთახის დატოვების საშუალება არ უნდა მისცენ, სანამ ახალი პაპი არ იქნება არჩეული.

წესისამებრ, კონკლავის თარიღი პაპის გარდაცვალებიდან 15-დან 20 დღემდე ინტერვალში უნდა დაინიშნოს. ისტორიულად, ახალი პაპის არჩევის ცერემონიის პაპის გარდაცვალებიდან ასე გვიან გამართვას ის ფაქტი განაპირობებდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან კარდინალებს რომში ჩასვლა მოესწროთ. თუმცა დღესდღეობით ეს ჩვეულება კვლავ გამოსადეგია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პაპმა ფრანცისკემ უპრეცედენტოდ ბევრი კარდინალი დანიშნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

Pew Research-ის კვლევის მიხედვით, ფრანცისკეს პაპობის პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა წარმომავლობის მიხედვით კარდინალების შემადგენლობა. მაგალითად, 2013 წელს, როდესაც ფრანცისკე აღსაყდრდა, ევროპული წარმოშობის პაპების რაოდენობა კარდინალთა კოლეგიის 51%-ს წარმოადგენდა, თუმცა ამჟამად ეს მაჩვენებელი 40%-მდე შემცირდა. მეორე მხრივ, განსაკუთრებით გაიზარდა აზია-წყნარი ოკეანური წარმოშობის კარდინალების მაჩვენებელი, რომელიც ფრანცისკეს პაპობის 12-წლიან პერიოდში 10%-დან 18%-მდე გაიზარდა.

კონკლავის თარიღის დადგომამდე კარდინალები ყოველდღე ვატიკანში შეიკრიბებიან, რათა ეკლესიის, ლოჯისტიკური და თავად კონკლავის პროცედურული საკითხები განიხილონ. ამ კონგრეგაციების ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ შეხვედრების განმავლობაში კარდინალებს არაფორმალურად სხვადასხვა შესაძლო კანდიდატის შეფასების შესაძლებლობა ეძლევათ იმ ფონზე, როცა კარდინალები ღიად კამპანიის გამართვას არ ემხრობიან.

ასევე კონგრეგაციაზე მტკიცდება კონკლავის გამართვის ვადა, რათა იგი Universi Dominici Gregis-ით განსაზღვრულ დროში, პაპის გარდაცვალებიდან 15-20 დღეში, დაიწყოს.

ამასთანავე, მკაცრად არის განსაზღვრული, თუ ვის შეუძლია კონკლავზე ხმის მიცემა. პაპი პავლე VI-ს მიერ 1970 წელს გამოცემული Ingravescentem Aetatem-ის მიხედვით, კონკლავზე ხმის მიცემა მხოლოდ იმ კარდინალებს შეუძლიათ, რომლებიც Sede Vacante-ს დაწყების მომენტში 80 წელზე ნაკლები ასაკის იყვნენ.

ამასთანავე, Universi Dominici Gregis-ის მიხედვით, სასურველია, რომ ხმის მიმცემი კარდინალების რაოდენობა 120-ს არ აღემატებოდეს, თუმცა, შესაძლებელია, რომ კონკლავზე დამსწრე კარდინალების რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი იყოს, თუკი 120-ზე მეტი კარდინალია 80 წელს ქვემოთ.

მაგალითად, პაპმა ფრანცისკემ 135 კარდინალიდან, რომლებსაც ამ კონკლავზე ხმის მისაცემად დასაშვები ასაკი აქვთ, 108 დანიშნა. ამ შემთხვევაში 135-ვე მათგანი შეძლებს კონკლავზე დასწრებას.

კარდინალები სიქსტეს კაპელაში, კონკლავის დაწყებამდე

ამას გარდა, გენერალურ კონგრეგაციებსა და კონკლავამდე წინმსწრებ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება ყველა კარდინალს შეუძლია, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ხმის მიცემაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

კონკლავის განმავლობაში კარდინალების მისაღებად Domus Sanctae Marthae-ს სტუმრების მისაღებ სახლს ამზადებენ, ხოლო ხმის მისაცემად სიქსტეს კაპელა მზადდება, სადაც მაგიდები, სკამები და ორი ღუმელი შეაქვთ ბიულეტენების დასაწვავად.

ამავდროულად, დღესდღეობით საჭიროა ელექტრონული ჩამხშობი მოწყობილობების დამონტაჟებაც, რათა ხმის მიცემის დროს, ერთი მხრივ, აღკვეთილი იყოს გარე სამყაროსთან კონტაქტი და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს პროცესის საიდუმლოება, ხოლო ამ პერიოდში კარდინალების უსაფრთხოებას, ტრანსპორტირებასა და სამედიცინო დახმარებას კი ვატიკანი უზრუნველყოფს. 

უშუალოდ კონკლავის დაწყებამდე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში აღნიშნავენ A Pro Eligendo Papa მესას, რაც ლათინურად “პაპის არჩევისთვის წირვას” ნიშნავს, რომელსაც კარდინალები ესწრებიან და წირვის დროს ბაზილიკის კარი ღიაა რიგითი მორწმუნეებისთვისაც.

კონკლავი

პონტიფექსის არჩევის ცერემონია საყდრის ვაკანტურობის პერიოდის კულმინაციას წარმოადგენს. სიქსტეს კაპელაში კარდინალები ახალი პაპის ასარჩევად კონკლავისთვის 1878 წლიდან მოყოლებული იკრიბებიან. მანამდე კი ხმის მიცემა სხვადასხვა ადგილზე იმართებოდა, თუმცა თავად კარდინალებისგან შემდგარი საარჩევნო საბჭო სათავეს 1059 წლიდან იღებს.

სიქსტეს კაპელაში კარდინალები წმიდათა ლიტანიისა და სულიწმიდის მოხმობის - Veni Creatur Spiritus-ის გალობით შედიან. ამასთანავე, ხმის მიცემამდე თითოეული ელექტორი ეკლესიის თავისუფლებისა და კონკლავის საიდუმლოების დაცვის ფიცს დებს, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მათ ეკლესიიდან განკვეთა, ანუ ექსკომუნიკაცია მოუწევთ.

ცერემონია კონკლავის დაწყებამდე

ფიცის ბოლო სიტყვების წარმოთქმისთანავე კი ცერემონიის ოსტატი სიქსტეს კაპელის ტრაპეზთან, ცენტრში დადგება და წარმოთქვამს ფორმულას: Extra omnes-ს, რაც ლათინურად ნიშნავს "ყველანი გარეთ", რა დროსაც ოთახს ატოვებინებენ ყველას, მათ შორის მედიასაც და დამხმარეებსაც. ეს ბოლო ზღურბლია, რომლის მიღმაც ელექტორებს, ახალი პაპის არჩევამდე, გარე სამყაროსთან კავშირი აკრძალული აქვთ.

კაპელაში პირველი კენჭისყრა კონკლავის დაწყების დღესვე იმართება და ეს მომდევნო დღეების მანძილზე დღეში ოთხჯერ, დილით და საღამოს 2-2-ჯერ, მეორდება. ბიულეტენებით ხმის მიცემა მანამ გაგრძელდება, სანამ კარდინალები ახალ პაპს არ აირჩევენ, თუმცა თუკი მე-5 დღეს ახალი პონტიფექსი კვლავ არ იქნება არჩეული, ელექტორებს შეუძლიათ, სალოცავად ერთი დღით შეისვენონ. ეს მკაცრად განსაზღვრული წესი არ არის და ამ შემთხვევაში მეექვსე დღეს ხმის მიცემა კვლავ წესისამებრ გაგრძელდება, სანამ რომელიმე კანდიდატი ხმების ორ-მესამედს არ მოიპოვებს.

ყოველი დღის დასასრულს კარდინალებს სიქსტეს კაპელას დატოვება და Casa Santa Marta-ში დარჩენა შეუძლიათ, სადაც ყველა თანამშრომელი საიდუმლოს შენახვის ფიცს დებს.

ტრადიციის დაცვით, კაპელის შესასვლელთან ათავსებენ ორ ღუმელს, რომელთაგანაც ერთს ბიულეტენების დასაწვავად იყენებენ, ხოლო მეორის მეშვეობით კვამლში ქიმიურ დანამატებს ურევენ, რათა კონკლავის მიღმა სამყაროს პონტიფექსის არჩევა ან ვერ არჩევა აცნობონ. ორივე ღუმლის კვამლი საერთო მილით სიქსტეს კაპელის სახურავს სცდება და მისი სიმაღლე 30 მეტრს აღწევს. პაპის ვერ არჩევის შემთხვევაში ბიულეტენებს ყოველი ორი კენჭისყრის შემდეგ წვავენ - შავი კვამლი (fumata nera) ნიშნავს, რომ პაპის არჩევა კვლავ წარუმატებელი იყო, ხოლო თეთრი კვამლი (fumata bianca) მორწმუნეებს ახალი პონტიფექსის არჩევას ახარებს. კვალისთვის შესაბამისი ფერის მისაცემად ქიმიური დანამატები გამოიყენება. თავდაპირველად აღნიშნული სისტემა კონკლავზე 1939 წელს გამოიყენეს.

თეთრი კვამლი სიქსტეს კაპელის სახურავზე 2013 წელს, როდესაც პონტიფექსად ფრანცისკე აირჩიეს

ხმის მიცემის პროცესი ანონიმურია: თითოეული კარდინალი ბიულეტენზე რჩეული კანდიდატის სახელს წერს და მას ბარძიმში ათავსებს, რის შემდეგაც ბიულეტენებს წინასწარ განსაზღვრული კომისიის წევრები აგროვებენ.

Universi Dominici Gregis-ის მიხედვით დაშვებულია, რომ თუკი პაპის ასარჩევად კენჭისყრა 34-ჯერ უშედეგოდ დამთავრდა, შესაძლებელია, რომ მხოლოდ მოწინავე კანდიდატებისთვის ხმის მიცემა გახდეს ნებადართული.

მას შემდეგ, რაც კანდიდატი საჭირო უმრავლესობას, ანუ ხმების ორ-მესამედს მიიღებს, კარდინალთა კოლეგიის დეკანი არჩეულ კარდინალს მიმართავს კითხვით, "იღებ თუ არა შენს კანონიკურ არჩევას უზენაეს პონტიფექსად?", რაზეც დადებითი პასუხის შემთხვევაში კარდინალი მყისიერად ხდება პაპი. ახალი პონტიფექსი ირჩევს სახელს, რომლითაც იგი ამიერიდან უნდა მოიხსენიონ, რის შემდეგაც საპაპო ლიტურგიული ცერემონიების ხელმძღვანელი არჩევნების შედეგს იწერს, და, საიდუმლოების შენარჩუნების მიზნით, გარკვეული დროის შემდეგ ბიულეტენებს ანადგურებს.  

ტრადიციის მიხედვით, არჩევის შემდეგ ახალი პაპი სიქსტეს კაპელას განკითხვის დღის კედლის უკან, "ცრემლების ოთახში" შეჰყავთ, რასაც ასე იმიტომ უწოდებენ, რომ გადმოცემის მიხედვით, ახლად არჩეული პონტიფექსები აღსაყდრების პატივის მიღებით გამოწვეული ემოციებისგან ტირილს იწყებენ. ოთახში პაპს სამი სხვადასხვა ზომის სუტანა ხვდება, რომელთაგანაც ის ერთ-ერთს მოირგებს, ხოლო მეთევზის ბეჭედს იგი საინაუგურაციო მესის დროს იღებს. ამის შემდეგ იგი "ცრემლების ოთახს" ტოვებს და კაპელას მთავარ ნაწილში შეკრებილ კარდინალებს უბრუნდება, საიდანაც ახალი პონტიფექსი მათგან მადლიერების ლოცვებს ისმენს. ამ დროისთვის უკვე დარეკილი იქნება წმინდა პეტრეს ზარები და მომლოდინე ხალხს უკვე დანახული ექნება სიქსტეს კაპელიდან ამოსული ცნობილი თეთრი კვამლი, რომელიც ქალაქსა და ქვეყნიერებას პეტრეს კათედრის ახალი მემკვიდრის არჩევას ამცნობს.

Habemus Papam!

ახალი პაპის არჩევით სრულდება საყდრის ვაკანტურობის პერიოდი და მასთან ერთად კამერლენგოს როლიც, ხოლო ვატიკანი ახალი პაპის მმართველობის ქვეშ განაგრძობს ჩვეულებრივ საქმიანობას.

სანამ კათოლიკე ეკლესიის 267-ე პონტიფექსი ხალხის წინაშე გამოჩნდება, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოდის სპეციალურად დანიშნული კარდინალი, რომელიც აცხადებს: "Annuntio vobis gaudium magnum: Habemus Papam!", "დიდი სიხარულით გაცნობებთ თქვენ: ჩვენ გვყავს პაპი!"

დეკანი აცხადებს ახალი პაპის სახელს, ახალი პაპის ლათინურ სახელსა და მისი კარდინალობის ტიტულს, რის შემდეგაც იგი შეკრებილებს პონტიფექსის სახელს აცნობს.

საბოლოოდ, აივანზე თავად წარდგება  "ღმრთის მსახურთა მსახური" და მორწმუნეებს პირველი სიტყვითა და კურთხევით მიმართავს.

პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე

ტრადიციულად, წესისამებრ ერთი კვირის განმავლობაში, ტარდება ახალი საინაუგურაციო წირვა, რომელსაც ყველა კარდინალი და სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები დაესწრებიან.

პაპის საინაუგურაციო წირვა მისი პონტიფიკატის დასაწყისს აღნიშნავს, თუმცა ეს ცერემონია მეტწილად სიმბოლურია, ვინაიდან პაპი უკვე არჩეულია. 

ინაუგურაციის დროს პაპი იღებს პალიუმს და შესაძლოა, მან კარდინალებს ბეჭდები ან სხვა სახის სიმბოლიკა დაურიგოს. ცალკეულ ცერემონიაზე პონტიფექსის საკუთრებაში გადადის რომის კათედრალი, ლატერანის ბაზილიკა და კათოლიციზმის მიხედვით, ამქვეყნად ქრისტეს ვიკარიუსი იწყებს თანამდებობებზე პირების დანიშვნას, ენციკლიკების გამოცემასა და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რამაც უნდა განსაზღვროს მისი პონტიფიკატი.

კომენტარები