პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება

ილია II: რომში, პაპ ფრანცისკეს მიერ გადმოცემულ ტაძარში ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება

საქართველოს საპატრიარქო რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გამო სამძიმარს აქვეყნებს.

ტექსტს ტაბულა უცვლელად გთავაზობთ: 

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი რომის პაპის გარდაცვალების გამო.

მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას,
კარდინალ ჯოვანი ბატისტა რეს,
კარდინალთა კოლეგიის დუაიენს

დიდი გულისტკივილით შევიტყვეთ ცნობა მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ.

გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულითადი სამძიმარი და ჩვენი მწუხარება და თანაგრძნობა გადასცეთ თქვენი ეკლესიის იერარქებს, სამღვდელო პირებსა და სამწყსოს, - ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი ხსოვნა.

გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დიდად მადლიერნი ვართ პაპ ფრანცისკესი, რადგან რომში, მის მიერ გადმოცემულ ტაძარში, ჯერ კიდევ 2014 წლიდან ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება; საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდგომ კი, ნიშნად იმისა, რომ გამოხატავდა განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ, სიქსტის კაპელაში მიიწვია თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და მსოფლიოში წარმოაჩინა უნიკალური ქართული კულტურა, - მრავალხმიანი გალობა და ხალხური სიმღერა.

ყველა აღიარებს, რომ მისი უწმინდესობა, პაპი ფრანცისკე იყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, გამორჩეული თავმდაბლობით, სოციალურ პროექტთა დიდი ხელშეწყობით, მსოფლიოში მშვიდობის აქტიური მხარდაჭერით...

გამოვხატავთ ჩვენს ღრმა პატივისცემას მის მიმართ და ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის.

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი,

მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის,

თბილისი,

22.04.2025"

21 აპრილს პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის ცნობით, მისი სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა. ექიმის განმარტებით, ინსულტმა ჯერ კომა, მოგვიანებით კი გულის მძიმე უკმარისობა გამოიწვია.

პაპი ფრანცისკე სამედიცინო დაწესებულებაში 14 თებერვალს გადაიყვანეს. თავდაპირველად მას სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს. 

22 თებერვალს წმიდა საყდარმა განაცხადა, რომ უზენაესი პონტიფექსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

პაპი საზოგადოებამ ბოლოს 20 აპრილს იხილა, როდესაც მან წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ტრადიციულად საზოგადოებას მიმართა და სააღდგომო კურთხევა წარმოთქვა.

ვატიკანის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაკრძალავენ. გარდაცვალებამდე, გასული წლის 29 აპრილს, ფრანცისკემ თავისივე დაკრძალვის ცერემონია გაამარტივა, ხოლო ანდერძში მოითხოვა, რომ "საფლავი უნდა იყოს მიწაში: უბრალო, განსაკუთრებული ორნამენტების გარეშე, მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე".

კომენტარები