პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება

სიკვდილის წინ პაპმა მომვლელს მადლობა გადაუხადა აღდგომას წმ. პეტრეს მოედანზე მიყვანისთვის

პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს მოედანზე პაპმობილში "Urbi et Orbi"-ს წარმოთქმის შემდეგ, 20 აპრილი, 2025
REUTERS/Yara Nardi/ File Photo

პაპმა ფრანცისკემ ბოლო სიტყვების წარმოთქმის დროს მადლობა გადაუხადა თავის მომვლელს, რომელიც მას დაეხმარა, სიურპრიზი მოეწყო აღდგომის კვირა დღეს წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხისთვის, როდესაც ხუთკვირიანი ავადმყოფობის შემდეგ იგი პირველად გამოჩნდა ხალხში.

აღდგომას წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ტრადიციული Urbi et Orbi მიმართვისა და სააღდგომო კურთხევის წარმოთქმის შემდეგ, პაპი ფრანცისკე მოედანზე პაპმობილით მცირე ხნით გამოჩნდა.

"მადლობა, რომ მოედანზე მიმიყვანე" - უთხრა პაპმა ფრანცისკემ მასიმილიანო სტრაპეტის, რომელიც პონტიფექსს 24-საათიან მზრუნველობას უწევდა. აღნიშნული ინფორმაცია ვატიკანის ოფიციალურმა ახალი ამბების სააგენტომ 22 აპრილს გაავრცელა.

21 აპრილს პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის ცნობით, მისი სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა. ექიმის განმარტებით, ინსულტმა ჯერ კომა, მოგვიანებით კი გულის მძიმე უკმარისობა გამოიწვია.

პაპი ფრანცისკე სამედიცინო დაწესებულებაში 14 თებერვალს გადაიყვანეს. თავდაპირველად მას სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს. 

22 თებერვალს წმიდა საყდარმა განაცხადა, რომ უზენაესი პონტიფექსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

პაპი საზოგადოებამ ბოლოს 20 აპრილს იხილა, როდესაც მან წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ტრადიციულად საზოგადოებას მიმართა და სააღდგომო კურთხევა წარმოთქვა.

ვატიკანის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაკრძალავენ. გარდაცვალებამდე, გასული წლის 29 აპრილს, ფრანცისკემ თავისივე დაკრძალვის ცერემონია გაამარტივა, ხოლო ანდერძში მოითხოვა, რომ "საფლავი უნდა იყოს მიწაში: უბრალო, განსაკუთრებული ორნამენტების გარეშე, მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე".

კომენტარები