პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება

მამა ლეონიდე: In memoriam – ფრანცისკე

პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება

მამა ლეონიდე: In memoriam – ფრანცისკე

2016 წელს, სამოციქულო წერილით Misericordia et Misera, რომის ეპისკოპოსმა, როგორც თავად უყვარდა საკუთარი თავის მოხსენიება, მომდევნო წლის 19 ნოემბერი ღარიბების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, აღნიშნა რა, რომ ღარიბები წარმოადგენენ ეკლესიის ნამდვილ საგანძურს.

2017 წლის 19 ნოემბერს ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში უმასპინძლა დაახლოებით 4000 ღარიბსა და უსახლკაროს.

როგორც ყველა რელიგიურ ინსტიტუციას, არც წმინდა პეტრეს ბაზილიკის მრავლისმნახველ კედლებს გააკვირვებდა საქველმოქმედო საქმიანობა, გაჭირვებულების დასახმარებლად გაჟღერებული მოწოდება ან თუნდაც უხვ გულმოწყალებად მარმარილოს იატაკზე გაჟღერებული ფლორინის ჟღარუნი, მაგრამ ფრანცისკემ რაღაც არნახული ჩაიდინა.

ამავე დღეს, ვატიკანში, პავლე VI-ის დარბაზში სადილად 1500-მდე გაჭირვებული ისტუმრა. დაჯდა ყველასგან მიტოვებულ, მარგინალ ადამიანებს შორის, როგორც ერთი მათგანი, როგორც ძმა ძმებსა და დებს შორის და არა მხოლოდ უმასპინძლა, თავად მათ მისცა საშუალება მისთვის ემასპინძლათ ამ სუფრაზე, იქცეოდა რა როგორც ერთი მათგანი.

მახსოვს, მაშინ ბევრი, ჩემი ჩათვლით, ეჭვის თვალით უყურებდა მის საქციელს. მრავალი ცდილობდა მის მიღმა პოპულიზმისა თუ პიარის მცდელობები ამოეკითხა, იყო კრიტიკა, დისკუსია, განხილვა.

მედიასა და სოციალურ ქსელში იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა ფრანცისკეს უპოვართა შორის "ინახად ჯდომა", რომ ერთ-ერთმა რელიგიურმა ლიდერმა გადაწყვიტა, მისი მიბაძვით დამდეგი შობა სწორედ გაჭირვებულებთან და უსახლკაროებთან აღენიშნა. 7 იანვარს, საგანგებოდ გამზადებულ სამხედრო კარავში სუფრას მიუჯდა, მაგრამ ისე, რომ პირი არაფერს დააკარა და სანამ დამშეული ხალხი სადღესასწაულო სანოვაგეს შეექცეოდა, ლექციის წაკითხვაც მოასწრო იმის შესახებ, რომ ის ყოველთვის მდიდარი და გავლენიანი არ ყოფილა, რომ მან ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია…

ამ რელიგიური ლიდერის მიერ უსახლკაროებთან „ერთად აღნიშნული“ შობის კადრების შემდეგ, ფრანცისკეს ღარიბებთან ურთიერთობაზე მუდმივად თაგორის ერთი ლექსი მახსენდება ხოლმე:

ვიდექ, ველოდი მოწყალებას, ლოცვის გარეშეს,

და ძვირფასეულს, გარშემო მტვერში ვრცლად მიმობნეულს.

ეტლი შეჩერდა ჩემს სიახლოვეს, შენი მზერა კი ჩემზე შეჩერდა,

ჩამოხვედი და მომღიმარი მოხვედი ჩემთან.

და მე ვიგრძენი, რომ ნატვრა ხდება, შუქი მოადგა ცხოვრების ღამეს,

ამ დროს კი ხელი გამომიწოდე და შემეკითხე: „გაიღებ რამეს?“

ო, რა მეფური საქციელია, რომ გაუშვირო მათხოვარს ხელი!

შეიძლებოდა ვრცელი ენკომიის დაწერა, შეიძლებოდა პირადი მოგონების გაზიარებაც, მისი ენციკლიკების სოციალურ თუ ეკოლოგიურ მნიშვნელობებზე საუბარიც, კიდევ ბევრი რამ, მაგრამ ეს ბევრი რამ ბევრი სახით ბევრ რელიგიურ ლიდერშია... ფრანცისკე კი იყო პაპი მარგინალებისა.

მშვიდად განისვენე, მამავ უპოვართა და გარიყულთა.

კომენტარები