ქართული ოცნების დაფუძნებიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს.
"დღეს ქართული ოცნების დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, ქართული ოცნების პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართული ოცნების ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა ქართულმა ოცნებამ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში შეინარჩუნა. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული 3 წელი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის პირდაპირი საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება, საზოგადოება კი ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა და შანტაჟი, ვერავითარი სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს ქართული ოცნების ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარ-ცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა". - წერია განცხადებაში.
განცხადებაში ქართული ოცნება ირწმუნება, რომ არჩევნების გაყალბება და პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო წარსულს ჩააბარა.
"2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა. ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, არადემოკრატიული კონსტიტუცია, არჩევნების გაყალბება, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, ქვეყანას აქვს დემოკრატიული კონსტიტუცია, ტარდება სამართლიანი არჩევნები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი". - წერია ოცნების განცხადებაში.
ქართული ოცნება ასევე აცხადებს, რომ ლარის კურსი საიმედოდ სტაბილურია.
"საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. 2012 წლის შემდეგ, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია და ქვეყნის ეკონომიკა გაასამმაგა. გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9,7%-ით იზრდებოდა, რაც რეგიონსა და ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს გადააჭარბებს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 13 500 დოლარს მიაღწევს და საქართველო მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორის გადაინაცვლებს. ლარის კურსი საიმედოდ სტაბილურია, 60-დან 36,4%-მდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სამჯერ შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი და 700 000-მდე ადამიანმა დაძლია სიღარიბე.
2012 წლიდან, ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა". - წერს ქართული ოცნება.
ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ დღეს საქართველო ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენულია, როგორც არასდროს.
"საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ პროგრესს სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მიაღწია. სწორედ 2012 წლის შემდეგ მოაწერა ხელი ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ბრძოლით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსიც, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებს და მათი კარნახით მოქმედ ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად ჰქონდათ მოაზრებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია დღესაც საქართველოს შანტაჟითა და ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალების დაბრუნების მცდელობით არის დაკავებული, საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დროისთვის, ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატიაც ღირსეული, დამოუკიდებელი და ევროკავშირისა და ევროპის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ელიტით ჩანაცვლდება.
საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით მოქმედებს და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიასა და ეროვნულ ფასეულობებს". - წერს ოცნების პოლიტსაბჭო.





