20 აპრილს ლიბანის არმიამ განაცხადა, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშის მიტანის გეგმა აღკვეთეს, რაც ამის პირველი შემთხვევაა ნოემბერში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.
ლიბანის შეიარაღებული ძალების განცხადების მიხედვით, ქვეყნის ძალებმა ქალაქ სიდონის საცხოვრებელ ბინაში რეიდი მოაწყვეს, საიდანაც მათ რაკეტები და გამშვები დანადგარები ამოიღეს და რამდენიმე პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა კავშირშია წინა კვირას გამოცხადებულ დაკავებებთან. არმიის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მათ ინფორმაცია შემოუვიდათ, რომ ისრაელზე ახალი სარაკეტო თავდასხმა იგეგმებოდა. არმიის თქმით, დაკავებული პირები შესაბამის სასამართლო უწყებებს გადასცეს.
მანამდე, 9 აპრილს, ლიბანის არმიამ განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის პალესტინელებიც, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მარტის თვეში ისრაელზე მიტანილ ორ ცალკეულ სარაკეტო იერიშში, რასაც ისრაელის მხრიდან ლიბანში იერიშების მიტანა მოჰყვა.