გამოცემა Politico ანინიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირას მოლაპარაკებისთვის პარიზში გაემგზავრებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს, ირანის ბირთვული იარაღის პრობლემასა და ტრამპის მიერ დაწყებულ სავაჭრო ომს. გამოცემის მიხედვით, უიტკოფი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ხოლო რუბიო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან ნოელ ბაროს შეხვდება.
რუბიო და უიტკოფი ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მაღალჩინოსნები იქნებიან ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსის შემდეგ, რომლებიც საფრანგეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან.
11 აპრილს, უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ბოლო ორ თვეში მესამე შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში, ბორის ელცინის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართა. შეხვედრამდე უიტკოფი პირისპირ ესაუბრა პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საინვესტიციო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში, კირილ დმიტრიევს. შეხვედრის შემდეგ კრემლში თქვეს, რომ ამ მოლაპარაკებებისგან "მყისიერ შედეგებს" არავინ უნდა დალოდებოდა.
14 აპრილის უიტკოფმა Fox News-თან, ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთთან უკრაინის ომის საკითხზე შეთანხმება ფორმას იღებს.
როგორც უიტკოფმა თქვა, სამშვიდობო შეთანხმება ეხება "ე.წ. ხუთ ტერიტორიას", თუმცა ამას გარდა დამატებით დეტალებსაც მოიცავს, რადგან საკითხი რთულია. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის კომერციული თანამშრომლობით გარდაქმნის შესაძლებლობა არსებობს. მას არ დაუზუსტებია რას გულისხმობს "ხუთ ტერიტორიაში", სავარაუდოდ, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უიტკოფის კომენტარი მკაცრად გააკრიტიკა.
"ყველა ტერიტორია უკრაინის ერთიან სახელმწიფოს ეკუთვნის. მხოლოდ უკრაინის ხალხს აქვს უფლება, განიხილოს საკითხები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიას შეეხება". - თქვა ზელენსკიმ.