ფინეთი რუსეთისგან წამოსული საფრთხის ზრდის ფონზე ოტავას კონვენციიდან გამოვა და თავდაცვის ხარჯებს ქვეყნის მშპ-ს 3%-მდე გაზრდის. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა გააკეთა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ოტავას კონვენცია საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც ქვეყნებს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას უკრძალავს.
"ფინეთი მოემზადება ოტავას კონვენციიდან გამოსასვლელად. ეს გადაწყვეტილება შესაბამისი სამინისტროებისა და თავდაცვის ძალების ყოვლისმომცველ შეფასებაზეა დაფუძნებული. ფინეთი ერთგულია თავისი საერთაშორისო მოვალეობების მიმართ ნაღმების პასუხისმგებლიანი გამოყენების შესახებ". - დაწერა სტუბმა X-ზე.
1997 წლის ოტავას კონვენცია, ასევე ცნობილი, როგორც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის აკრძალვის ხელშეკრულება, ბოლო პერიოდში, კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო, წნეხის ქვეშ დადგა, განსაკუთრებით რუსეთის მეზობელ ევროპულ სახელმწიფოებში.
გასულ თვეში პოლონეთმა და ბალტიისპირა ქვეყნებმა - ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, ასევე გამოაცხადეს საერთაშორისო კონვენციის დატოვების გეგმის შესახებ.
ფინეთს რუსეთთან 1340-კილომეტრიანი საზღვარი აქვს.
ქვეყნის პრეზიდენტის ცნობითვე, ჰელსინკი 2029 წლისთვის თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე გაზრდის. 2024 წელს ფინეთის თავდაცვის ხარჯი მშპ-ს 2.4%-ს შეადგენდა.
"ეს ნაწილია ფინეთის მიერ შეტანილი წვლილისა ევროპის მიერ ჩვენივე თავდაცვაზე უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღების საკითხში". - აღნიშნა სტუბმა.