დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

NYT: ტრამპმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის მიერ დაგეგმილი იერიშები გადადო

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, 7 აპრილი, 2025
Eric Lee/The New York Times

გამოცემა New York Times ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებსა და სხვა საკითხზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი მაისის თვეშივე ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშების მიტანას გეგმავდა, თუმცა ირანთან ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე შესაძლო შეთანხმების მიღწევის მიზნით, ბოლო კვირებში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოპერაციის გადადება გადაწყვიტა.

NYT-ის ინფორმაციით, ტრამპმა გადაწყვეტილება ადმინისტრაციაში რამდენიმეთვიანი შიდა დისკუსიების შემდეგ მიიღო იმის შესახებ, დიპლომატიური გზა სჯობს თუ ირანზე ისრაელის იერიშის მხარდაჭერა ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემის მოსაგვარებლად.

გამოცემის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა ხაზს უსვამს ისტორიულად კაბინეტის ე.წ. "ქორულ" წევრებსა და ირანზე სამხედრო იერიშის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ წევრებს შორის არსებულ ნაპრალს. 

თუმცა, დებატის ზოგადი კონსენსუსი ის იყო, რომ ამჯერად სამხედრო მოქმედებები არ იქნება იმ ფონზე, როცა ირანი მოლაპარაკებების მიმართ მზადყოფნას გამოხატავს.

New York Times-ის ცნობით, ისრაელის მაღალჩინოსნებმა ბოლო პერიოდში სამოქმედო გეგმა შეადგინეს მაისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მისატანად. ისინი გეგმის სისრულეში მოყვანისთვის იყვნენ მზად და იმედოვნებდნენ, რომ აშშ გეგმას დათანხმდებოდა. მაღალჩინოსნების თქმით, ისრაელის მხარის წინადადების მიზანი თეირანის ბირთვული იარაღის შექმნის უნარის ერთი ან მეტი წლით შეფერხება იყო.

გამოცემის მიხედვით, ისრაელის თითქმის ყველა გეგმა აშშ-ს დახმარებას საჭიროებდა, არა მხოლოდ ირანის საპასუხო დარტყმისგან ისრაელის დაცვის კუთხით, არამედ ასევე ისრაელის იერიშის წარმატების უზრუნველყოფის მხრივაც. შესაბამისად, აშშ ირანზე იერიშის ცენტრალური ნაწილი უნდა ყოფილიყო.

NYT წერს, რომ ამ დროისთვის ტრამპმა დიპლომატია ამჯობინა სამხედრო მოქმედებას. გამოცემის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა ისრაელს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აპრილის დასაწყისში აცნობა. მან ეს საკითხი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთანაც განიხილა წინა კვირას ვაშინგტონში გამართული ვიზიტის დროს, როდესაც ტრამპმა ოვალურ ოფისში შეხვედრაზე დააანონსა, რომ აშშ ირანთან მოლაპარაკებებს იწყებდა.

ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუკი ხელმომწერებს საშუალება მიეცემათ, "ამერიკის ზედამხედველობისა და ამერიკის შესრულებით, [ირანში] შევიდნენ, ობიექტები ააფეთქონ და დაშალონ ყველა აღჭურვილობა".


19 მარტს Axios წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.

აქამდე გამოცემა Reuters ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანი აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს, "პროგრესისადმი მცირე იმედით და აშშ-ს მიმართ ღრმა ეჭვებით" უყურებს.

ტელეარხ NBC News-ის ინფორმაციით, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით დაემუქრა, თუკი ისინი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ დადებენ.

"თუ ისინი [ირანი] შეთანხმებას არ დადებენ, დაბომბვა იქნება და ისეთი სახის დაბომბვა იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ". - ციტირებს ტრამპს NBC News-ის წამყვანი კრისტენ უელკერი.

საპასუხოდ, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ნებისმიერ თავდასხმას აშშ-ს ან ისრაელის მხრიდან "მტკიცე საპასუხო დარტყმა" მოჰყვება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს

ბოლო დღეებში დონალდ ტრამპი ირანს სამხედრო მოქმედებებით ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით დაგეგმილი მოლაპარაკებების წინაც დაემუქრა.

"თუ საჭიროება მოითხოვს სამხედრო მოქმედებებს, მაშინ იქნება სამხედრო მოქმედებები. ისრაელი, ცხადია, ამის სათავეში იქნება. ჩვენ არავინ გვმართავს. ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა" – თქვა ტრამპმა.

თუმცა, თეთრმა სახლმა ირანთან 12 აპრილს გამართული მოლაპარაკებების პირველ რაუნდს "კონსტრუქციულ" უწოდა.

ბოლო პერიოდში პენტაგონში განაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთში განთავსებული ამერიკული ავიამზიდების რაოდენობას აშშ ორამდე გაზრდიდა მას შემდეგ, რაც მარტში აშშ-მ იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო იერიშების კამპანია დაიწყო.

მანამდე, 1 აპრილს, პენტაგონმა დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა რეგიონში დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნა.

"აშშ-ს ცენტრალური სარდლობის საზღვაო განლაგების გასაძლიერებლად, თავდაცვის მდივანმა გასცა ბრძანება დამატებითი ესკადრილიებისა და სხვა საჰაერო ძალების განლაგების შესახებ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით საჰაერო შესაძლებლობებს". - წერია პენტაგონის სპიკერის, შონ პარნელის განცხადებაში.

სააგენტო Reuters ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ინდოეთის ოკეანეში მდებარე აშშ-ბრიტანეთის სამხედრო ბაზა, დიეგო გარსიაზე ექვსამდე B-2 ტიპის ბომბდამშენი გადაიყვანეს.

"თუ ირანი ან მისი პროქსი ძალები დაემუქრებიან ამერიკელ სამხედროებსა და ამერიკულ ინტერესებს რეგიონში, შეერთებული შტატები გადამწყვეტად იმოქმედებს ჩვენი ხალხის დასაცავად". - ნათქვამია პენტაგონის მიერ 1 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები