რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

"9 მაისს მოსკოვში მივდივარ" – ფიცო რუსეთში დაგეგმილ სამხედრო აღლუმს დაესწრება

რობერტ ფიცო და ვლადიმირ პუტინი
RIA Novosti

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ Facebook გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირის მოწინავე დიპლომატის, კაია კალასის, გაფრთხილების მიუხედავად, 9 მაისს მოსკოვში ჩავა და ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება.

"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის ლიდერებს აფრთხილებს, არ მიიღონ მონაწილეობა მოსკოვში მაისის გამარჯვების დღის ღონისძიებებში. ის ამბობს, რომ მონაწილეობის მიღებას სერიოზულად მოეკიდება.

მე 9 მაისს მოსკოვში მივდივარ. ქალბატონი კალასის გაფრთხილება შანტაჟია თუ მუქარა, რომ მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ დამსჯიან? არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ 2025 წელია, და არა - 1939". - წერს ფიცო.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 15 აპრილს ევროპელ ლიდერები გააფრთხილა, არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო ღონისძიებას და მოუწოდა მათ, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის გვერდით დადგნენ.

გავრცელებული ცნობებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და ასევე ევროკავშირის წევრი სლოვაკეთისა და EU-ს კანდიდატის სტატუსის მქონე სერბეთის ლიდერები მიიწვია ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

კომენტარები