რეჟიმის პატიმრები

თქვენს ოთახში თავში მირტყეს მუშტები – გიგაურის საქმეზე გამომძიებლები გამოიკითხნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

დღევანდელ სხდომაზე საქმის გამომძიებლები თევდორე გრიგალაშვილი და ვახტანგ დაბრუნდაშვილი გამოიკითხნენ. 

გამომძიებელმა თქვა, რომ ანატოლი გიგაურს ვიზუალურად დაზიანებები აღენიშნებოდა, მაგრამ მისი განმარტებით, ამის მიზეზი იყო ის, რომ გიგიაური ადმინისტრაციული წესით დაკავებისას წაიქცა.

ანატოლი გიგაურის განცხადებით, გამომძიებელი იტყუება, მისი თქმით, ის ხედავდა როგორც სცემდნენ მას მის კაბინეტში,"მომკალით ცემით" - მიმართა გიგაურმა.

"თქვენს ოთახში რაც ხდებოდა, ხართ თუ არა ამაზე პასუხისმგებელი? რა დარღვევაც მოხდა ჩემს მიმართ, ამაზეც იღებთ პასუხისმგებლობას? როგორც სამართალდამცველი, ხართ თუ არა პასუხისმგებელი ამაზე, ნაცვლად იმისა, რომ კომპიუტერში არ გეწკაპუნებინა? მკითხეთ, რა მოხდაო? მე გითხარით, რომ ვიყენებ დუმილის უფლებას. გითხარით, თუ არა ეს სიტყვა? გაქვთ თუ არა უფლება ადამიანი გააშიშვლოთ, გახადოთ ტანსაცმელი? რატომ მაძალებდით ჩემი ტანსაცმლის გახდას და თქვენი მოთრეული ორი ზომით დიდი შარვლის და "სვიტრის" ჩაცმას? რას ერჩოდით შარვალს? თქვენ ოთახში შემოვიდა გაბუნია [პოლიციელი, რომელზე თავდასხმასაც გიგაურს ედავებიან] და თავში მირტყამდა მუშტებს, და იმ დარტყმების შედეგად სისხლჩაქცევები განმივითარდა. ეს თქვენ ოთახში, თქვენ წინ მოხდა და თქვენ კომპიუტერში აწკაპუნებდით და რეაგირება არ განახორციელეთ. თავში ჰემატომა მქონდა, ბატონო მოსამართლევ, ზუსტად ამის ოთახში განმივითარდა ჰემატომა" - მიმართა გამომძიებელს ანატოლი გიგაურმა.

გამომძიებლის განცხადებთ, გიგაური შემოწმების მიზნით გააშიშვლეს და მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მეორე გამომძიებელმა, თევდორე გრიგალაშვილმაც იგივე განცხადება გააკეთა.

დაცვის მხარე, გიგაურისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

ანატოლი გიგაური 2024 წლის, 24 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილიც წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარები