თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ ოთხ ევროპულ ქვეყანასთან კოორდინაციით, კრიმინალური ნარკომოვაჭრე ორგანიზაციების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 234 ადამიანი დააკავა.
"ჩვენ დავაკავეთ 234 მაღალი რანგის კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერები – 225 თურქეთში და 9 უცხოეთიდან". - თქვა იერლიკაიამ.
ამასთან, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დაკავებულთა შორის 10 ეჭვმიტანილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
იერლიკაიას ცნობით, დაკავებულები იძებნებოდნენ, მათ შორის, ისეთი დანაშაულებისთვის, როგორებიცაა საერთაშორისო ნარკოტრეფიკინგი, ფულის გათეთრება, მკვლელობა, გატაცება, მუქარა და შანტაჟი.
მინისტრის თქმით, თურქეთთან ერთად კოორდინირებული ოპერაციები ჩაატარა ბელგიის, გერმანიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების პოლიციამ. მისივე ინფორმაციით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან კოკაინის, ჰეროინისა და სხვა ნარკოტიკების წარმოებასა და გავრცელების სქემაში მონაწილეობაში.
ამავდროულად, იერლიკაიას ცნობით, ოპერაციის ფარგლებში სხვადასხვა სახის ქონების კონფისკაცია მოხდა, მათ შორის, ასობით ბინის, ავტომობილის, კომპანიის წილებისა და საბანკო ანგარიშების, რომელთა საერთო ღირებულებაც 13 მილიარდ ლირას ($341 მილიონი) შეადგენს.
თურქეთის პოლიცია აღნიშნულ ოპერაციაზე ევროპოლთან ერთად რვა თვის განმავლობაში მუშაობდა.