ტრამპის ტარიფები

ტრამპის ადმინისტრაციას ტარიფების გამო აშშ-ს საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოში უჩივლეს

აშშ-ს საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლო
By Ajay Suresh from New York, NY, USA

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ბოლო დროს გამოცხადებული სატარიფო პოლიტიკის გამო აშშ-ს საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოში უჩივლეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს

სასამართლოში სარჩელი ლობისტურმა კომპანიამ 5 მცირე ბიზნესის სახელით შეიტანა. აღნიშნული ბიზნესები აშშ-ში იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქციას ყიდულობენ, რომლებსაც ტრამპმა ტარიფები დაუწესა. 

სარჩელში ბიზნესები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა 2 აპრილს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ გამოცხადებული "საპასუხო" ტარიფებით საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტა. დოკუმენტში ხაზგასმულია ჩინურ იმპორტზე დაწესებული 145%-იანი იმპორტის გადასახადიც. 

"არავის უნდა ჰქონდეს ძალაუფლება ისეთი ტარიფების დაწესებისა, რომლებსაც ამგვარი ფართომასშტაბიანი გლობალური ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. კონსტიტუცია ძალაუფლებას, რომ დაადგინო საგადასახადო განაკვეთი, მათ შორის, ტარიფები, აძლევს არა პრეზიდენტს, არამედ კონგრესს". - განაცხადა მომჩივანი ლობისტური კომპანია Liberty Justice Center-ის ერთ-ერთმა მრჩეველმა განცხადებაში. 

ზემოხსენებულ სარჩელში ლობისტური კომპანია ამბობს, რომ კანონი ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას პრეზიდენტს არ აძლევს. 

ტრამპის 2 აპრილის, "გათავისუფლების დღის" აღმასრულებელი ბრძანება ძალაში, სხვა კანონებთან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების აქტის (IEEPA) საფუძველზე შევიდა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს სპეციალურ უფლებამოსილებას აძლევს, რომ ქვეყნის წინაშე არსებული უჩვეულო და არაორდინალური საფრთხეების წინააღმდეგ იმოქმედოს. 

სარჩელის მიხედვით კი, "არ არსებობს პრეცედენტი", როდესაც აშშ-ში ტარიფების დასაწესებლად აღნიშნული კანონი გამოიყენეს. 

"ეს არცერთ სხვა პრეზიდენტს არ გაუკეთებია და არც ამის უფლებამოსილება დაუჩემებია". - წერია სარჩელში. 

შესაბამისად, მოსარჩელე სასამართლოს ტრამპის ტარიფების დაბლოკვასა და იმის გამოცხადებას სთხოვს, რომ პრეზიდენტს შესაბამისი უფლებამოსილება არ ჰქონდა, რომ ამგვარი ტარიფები დაეწესებინა. 

ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მსგავსი სარჩელი შეტანილია ფლორიდის ფედერალურ სასამართლოშიც, რომელშიც მცირე ბიზნესები მოსამართლეს პრეზიდენტის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების დაბლოკვას სთხოვენ. 

ცნობისთვის, 2 აპრილს ტრამპმა 180-ზე მეტი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა. სიაში მყოფ ყოველ ქვეყანას 10%-იანი "საბაზისო", ხოლო მათგან აშშ-ს 70-ზე მეტ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს დამატებით "საპასუხო" ტარიფებიც დაუწესდა. 

მოგვიანებით, ტრამპმა სავაჭრო პარტნიორებზე დაწესებული "საპასუხო" ტარიფები 90 დღის ვადით შეაჩერა. ძალაში დარჩა მხოლოდ ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფი, რომელიც, თეთრი სახლის განმარტებით, ჯამში 145%-ს აღწევს. 

კომენტარები