რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, აშშ-სგან $15 მილიარდად Patriot-ის 15 სისტემა შეიძინოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი მზად არის, აშშ-სგან $15 მილიარდის ღირებულების 10 Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიძინოს, რათა მჭიდროდ დასახლებული ქალაქები რუსული სარაკეტო და დრონებით იერიშებისგან დაიცვას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

ზელენსკის თქმით, მან აღნიშნული შეთავაზება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირდაპირ საუბრისას გაახმოვანა ისევე, როგორც აშშ-ს წინა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან. 

"მე პრეზიდენტ ტრამპს მკაფიოდ ვუთხარი, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. 

არსებობს Patriot-ის სისტემა და თქვენ ის ბევრი გაქვთ. თქვენ ასევე გაქვთ მათი წარმოების შესაძლებლობა. რამდენიმე ნაბიჯი არსებობს უკრაინის დასაცავად. ნაბიჯი პირველი: ერთი სისტემა $1.5 მილიარდი ღირს - ჩვენ მზად ვართ, შევისყიდოთ ისინი. 

$15 მილიარდი გამოდის. ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ ეს თანხა. ჩვენ გამოვნახავთ თანხებს და ყველაფრისთვის გადავიხდით". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუში. 

შესყიდვის შესახებ წინადადების გარდა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან მიმართა როგორც ტრამპის, ისე ბაიდენის ადმინისტრაციას, რათა აშშ-მ კიევს საკუთარი Patriot-ის სისტემების წარმოებისთვის საჭირო ლიცენზია მიანიჭოს. 

"ჩვენ ვიცით, თუ რამდენად რთულია სისტემების თუ რაკეტები შეკვეთა - მოილაპარაკო მათი შესყიდვის შესახებ ან მიიღო დახმარება. ჩვენ გვსურდა, შეგვესყიდა ისინი, მიგვეღო ლიცენზიები და გაგვეგო, თუ რა დრო დაგვჭირდებოდა, რათა ჩვენი ცის ჩასაკეტად სრული სისტემა შეგვექმნა". - დაამატა ზელენსკიმ. 

მიუხედავად იმისა, რომ კიევი და მოსკოვი რამდენიმე კვირის წინ აშშ-ს შუამდგომლობით შეთავაზებულ ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რუსებს უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმის არც ინტენსივობა შეუჩერებიათ და არც სიხშირე. 

გამოცემა Kyiv Independent უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიგაზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო 30 დღის განმავლობაში რუსეთი უკრაინას 70 რაკეტით, 2200 უპილოტო საფრენი აპარატითა და 6000 მართვადი საჰაერო ბომბით დაესხა თავს. 

4 აპრილს რუსებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 9 ბავშვი. დაშავდა 75-მდე ადამიანი. 13 აპრილს კი, ბზობის დღესასწაულზე, ოკუპანტებმა Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით უკრაინული ქალაქის, სუმის მჭიდროდ დასახლებული ცენტრი დაბომბეს. სარაკეტო იერიშს 34 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც, ემსხვერპლა, დაშავდა 117 ადამიანი.

კომენტარები