ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ჰამასმა 21 წლის ამერიკელი-ისრაელელი მძევლის პროპაგანდისტული ვიდეო გაავრცელა

REUTERS/Stephani Spindel

ფესახის დღესასწაულის აღნიშვნის ფონზე, 12 აპრილს ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ პროპაგანდისტული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკელი-ისრაელელი მძევალი, ედან ალექსანდერი, ჩანს.

ალექანდერი, რომელიც ისრაელის არმიაში მსახურობს, ღაზის სექტორში ტყვეობაში 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ იმყოფება.

3-წუთიან დაუთარიღებელ ვიდეოში ალექსანდერი ამბობს, რომ უკვე 551 დღეა, რაც ტყვეობაში იმყოფება და გათავისუფლებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ჰამასმა მძევლად მყოფი ალექსანდერის ვიდეო პირველად ნოემბერში გამოაქვეყნა.

ამას გარდა, ომის განმავლობაში ჰამასმა რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც მძევლები გათავისუფლებას ითხოვენ. თუმცა, ისრაელის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ვიდეოები მთავრობაზე ზეწოლის მიზნით არის შექმნილი და ჰამასის პროპაგანდისტულ კამპანიას წარმოადგენს.

21 წლის აშშ-ს მოქალაქე ალექსანდერი 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ღაზის სექტორის სიახლოვეს იყო დისლოცირებული, როდესაც იგი ჰამასის ტერორისტებმა, 250 სხვა მძევალთან ერთად, ტყვედ აიყვანეს. თავდასხმის დროს ჰამასმა 1 200-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, დახოცა, რამაც ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე ომი გამოიწვია.

ცნობისთვის, 18 მარტის დილის საათებში ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შორის არსებული დროებითი ზავი ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში ათეულობით საჰაერო იერიში მიიტანა.

ისრაელის არმიას პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უბრძანა, რომ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ "ძალით იმოქმედოს", ვინაიდან ჰამასმა არაერთხელ თქვა უარი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე.

ნეთანიაჰუს უწყების მიხედვით, იერიშების განახლების გადაწყვეტილება "ჩვენი მძევლების გამოშვებაზე ჰამასის მხრიდან განმეორებით უარის თქმას მოჰყვა, ისევე როგორც მათი მხრიდან იმ წინადადებების უარყოფას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლისგან, სტიფ უიტკოფისგან, და სხვა მედიატორებისგან მიიღეს".

ისრაელის მიერ დაწყებული ხელახალი იერიშები ყველაზე ძლიერი იყო მას შემდეგ, რაც იანვარში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, და, ამასთანავე, ისრაელმა მიანიშნა, რომ იერიშები მომავალშიც გაგრძელდება. 


ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში ჰამასის ტყვეობიდან ათეულობით ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა, თუმცა შეთანხმება 1-ელ მარტს დამთავრდა.

ამის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება დამატებით თითქმის ორ-ნახევარი კვირის განმავლობაში რჩებოდა ძალაში, რის პარალელურადაც მედიატორები ზავის გახანგრძლივებაზე მუშაობდნენ.

ისრაელის მხარე ითხოვდა, რომ შესაძლო ზავის გახანგრძლივების ფარგლებში ჰამასს დარჩენილი ისრაელელი მძევლებიც გაეთავისუფლებინა პალესტინელი პატიმრებისა და დაკავებული პირების გამოშვების სანაცვლოდ. 

თუმცა, ჰამასი თავდაპირველად დადებული შეთანხმების პირობების შენარჩუნებას ცდილობდა, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში მეორე ფაზაში შესვლას გულისხმობდა, რის ფარგლებშიც ისრაელი სრულად უნდა გამოსულიყო, ხოლო ღაზაში დანარჩენი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის სამუდამო დამთავრებაზე უნდა დათანხმებულიყო.

ისრაელმა თავდაპირველ შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა ნეთანიაჰუ დიდი ხანია ამბობს, რომ ისრაელი ომს არ დაამთავრებს, სანამ ჰამასის მმართველობითი და სამხედრო უნარები განადგურებული არ იქნება. ბოლო არსებული მონაცემების მიხედვით, ჰამასის ტყვეობაში კიდევ 24 ისრაელელი მძევალია ცოცხალი.

კომენტარები