დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ირანის მიმართ ტრამპის მუქარების ფონზე, მეორე ამერიკული ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა

ამერიკული ავიამზიდი USS Carl Vinson
Petty Officer 3rd Class Devin M. Monroe

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში მეორე ამერიკული ავიამზიდი ჩავიდა, სადაც აშშ-ს ძალებს თითქმის ყოველდღიურად მიაქვს საჰაერო იერიშები იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ.

ცენტრალური სარდლობის მიხედვით, ავიამზიდი USS Carl Vinson, რომელიც F-35C-ის ტიპის სტელსის ავიაგამანადგურებლებით არის შეიარაღებული, ახლა რეგიონში USS Harry S. Truman-თან ერთად იმოქმედებს.

წინა კვირას პენტაგონში განაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთში განთავსებული ამერიკული ავიამზიდების რაოდენობას აშშ ორამდე გაზრდიდა მას შემდეგ, რაც მარტში აშშ-მ იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო იერიშების კამპანია დაიწყო.

ბოლო დღეებში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ ირანს სამხედრო მოქმედებებით დაემუქრა.

"თუ საჭიროება მოითხოვს სამხედრო მოქმედებებს, მაშინ იქნება სამხედრო მოქმედებები. ისრაელი, ცხადია, ამის სათავეში იქნება. ჩვენ არავინ გვმართავს. ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა" – ამბობს ტრამპი. 

აშშ-სა და ირანს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა 12 აპრილს არის დაგეგმილი.

მოგვიანებით, გამოცემა Reuters ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანი აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს, "პროგრესისადმი მცირე იმედით და აშშ-ს მიმართ ღრმა ეჭვებით" უყურებს.

მანამდე, 1 აპრილს, პენტაგონმა დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა რეგიონში დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნა.

"აშშ-ს ცენტრალური სარდლობის საზღვაო განლაგების გასაძლიერებლად, თავდაცვის მდივანმა გასცა ბრძანება დამატებითი ესკადრილიებისა და სხვა საჰაერო ძალების განლაგების შესახებ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით საჰაერო შესაძლებლობებს". - წერია პენტაგონის სპიკერის, შონ პარნელის განცხადებაში.

სააგენტო Reuters ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ინდოეთის ოკეანეში მდებარე აშშ-ბრიტანეთის სამხედრო ბაზა, დიეგო გარსიაზე ექვსამდე B-2 ტიპის ბომბდამშენი გადაიყვანეს.

"თუ ირანი ან მისი პროქსი ძალები დაემუქრებიან ამერიკელ სამხედროებსა და ამერიკულ ინტერესებს რეგიონში, შეერთებული შტატები გადამწყვეტად იმოქმედებს ჩვენი ხალხის დასაცავად". - ნათქვამია პენტაგონის მიერ 1 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, ტელეარხ NBC News-ის ინფორმაციით, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით დაემუქრა, თუკი ისინი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ დადებენ.

"თუ ისინი [ირანი] შეთანხმებას არ დადებენ, დაბომბვა იქნება და ისეთი სახის დაბომბვა იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ". - ციტირებს ტრამპს NBC News-ის წამყვანი კრისტენ უელკერი.

საპასუხოდ, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ნებისმიერ თავდასხმას აშშ-ს ან ისრაელის მხრიდან "მტკიცე საპასუხო დარტყმა" მოჰყვება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს

კომენტარები