ტრამპის ტარიფები

ტაივანი ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც აშშ-სთან ტარიფებზე მოლაპარაკებებს გამართავს

REUTERS/Ann Wang

იმ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც ტარიფების საკითხზე პირველები გამართავენ მოლაპარაკებებს აშშ-სთან, ტაივანიც იქნება. ამის შესახებ განცხადება ტაივანის პრეზიდენტმა ლაი ჩინგ-ტემ გააკეთა. 

"ჩვენ მოლაპარაკებების პირველ ჯგუფში ვართ და მთავრობა ამისთვის კარგად იქნება მომზადებული. ტაივანის სურვილი, გაეძლიერებინა ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა აშშ-სთან ბოლო წლების განმავლობაში, ამ შანსის გამოყენებით იქნება მიღწეული". - თქვა ტაივანის პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებში საბაზისო შეთავაზება 0%-იანი ტარიფი იქნება და ამასთან, ტაივანი მეტ ამერიკულ საქონელს შეისყიდის და აშშ-ში მეტ ინვესტიციასაც განახორციელებს. 

ამასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, Reuters-ის ცნობით, განაცხადა, რომ ტაივანი შემდეგი 10 წლის განმავლობაში $200 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ იმპორტს შეისყიდის, რომლისგანაც უმეტესი წილი ამერიკულ თხევად ბუნებრივ აირზე მოვა. 

ქვეყნებმა, აზიის მასშტაბით, უკვე განაცხადეს, რომ ვაშინგტონთან ტარიფების შესახებ მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან. აშშ-ს თეთრი სახლის განცხადებით, მოლაპარაკებების საკითხზე ტრამპის ადმინისტრაციას ჯამში თითქმის 70 ქვეყანა დაუკავშირდა. 

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ 70-ზე მეტ სავაჭრო პარტნიორს დროებით შეუმცირებდა 2 აპრილს გამოცხადებულ "საპასუხო" ტარიფებს 10%-იან "საბაზისო" ტარიფებამდე. 

ტაივანს, რომელიც ნახევრადგამტარების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, აშშ-სგან 32%-იანი ტარიფი უნდა დაწესებოდა. 

კომენტარები