ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი პირველად საჯაროდ გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს და აღნიშნა, რომ სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა, ხოლო ჩინეთს არავის დათრგუნვის მცდელობის არ ეშინია.
"სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინ იქნება და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წასვლა იზოლაციას გამოიწვევს. 70 წელზე მეტია, რაც ჩინეთი ყოველთვის დამოკიდებულია თვითკმარობასა და შრომაზე. არასდროს იყო დამოკიდებული ვინმეს საჩუქრებზე და არ ეშინია არავის მიერ არაგონივრული დათრგუნვის მცდელობის" – ამბობს სი.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩინეთმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადი 84%-დან ასევე 125%-მდე გაზარდა.
განცხადება ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა.
სამინისტროს თქმით, 125%-იანი ტარიფი აშშ-ს წინაააღმდეგ ძალაში 12 აპრილს შევა.
ცნობისთვის, გუშინ, 10 აპრილს, აშშ-ს თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინურ იმპორტში აშშ-ს ჯამში, სულ მცირე, 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული.
მანამდე, 9 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩინეთზე ტარიფებს 125%-მდე ზრდიდა, მას შემდეგ რაც პეკინმა მის წინა ზომებზე საპასუხო სანქციები დააწესა.
მეორე მხრივ, იმავე დღეს ტრამპმა, ვინაიდან 75-მდე ქვეყანამ აშშ-სთან ტარიფებზე მოლაპარაკება სცადა, დანარჩენ ქვეყნებს საპასუხო ტარიფები 90 დღით შეუჩერა და მათ წინააღმდეგ ტარიფები მხოლოდ 10%-მდე შეამცირა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ 75-მდე ქვეყანა ტრამპის ადმინისტრაციას ვაჭრობაზე, სავაჭრო ბარიერებზე, ტარიფებსა და რიგ სხვა საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით დაუკავშირდა.
შესაბამისად, ტრამპის თქმით, ვინაიდან აღნიშნულმა ქვეყნებმა, მისი "მტკიცე რჩევის შესაბამისად", პასუხი არ გასცეს აშშ-ს საპასუხო ტარიფებს, ტრამპმა 90-დღიანი პაუზა შემოიღო, რა პერიოდშიც ჩინეთის გარდა ყველა სხვა ქვეყნისთვის ტარიფები 10%-მდე შემცირდება.