ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე დაწერა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ტარიფების დაპაუზების შემდეგ ევროკავშირი აშშ-სთან მოლაპარაკებებს ცდის, ხოლო ამერიკულ პროდუქციაზე 25%-იანი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილებას 90 დღით გადაავადებს.
"ჩვენ მხედველობაში ვიღებთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას. გვსურს, მოლაპარაკებების გამართვას შანსი მივცეთ". - დაწერა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებული საპასუხო ზომები, რასაც "წევრი სახელმწიფოების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდა", 90 დღით გადავადდება, თუმცა მან დაამატა, რომ "მაგიდაზე ყველა ვარიანტი რჩება".
"თუკი მოლაპარაკებები არ იქნება დამაკმაყოფილებელი, საპასუხო ზომები ძალაში შევა". - აღნიშნა ლაიენმა.
9 აპრილს, ტრამპის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-სთვის საპასუხო 25%-იანი ტარიფების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ტარიფების ძალაში შესვლის პროცესი 15 აპრილიდან უნდა დაწყებულიყო და 1 დეკემბრამდე გაგრძელებულიყო.
ამავე დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ჩინეთის მხრიდან მსოფლიო ბაზრის მიმართ "გამოჩენილი უპატივცემულობის გამო", იგი ჩინურ იმპორტზე ტარიფს 125%-მდე გაზრდის.
მეორე მხრივ, ტრამპის თქმით, ვინაიდან 75-მდე ქვეყანამ აშშ-თან ტარიფებზე მოლაპარაკება სცადა, მან დანარჩენ ქვეყნებს საპასუხო ტარიფები 90 დღით შეუჩერა და მათ წინააღმდეგ ტარიფები მხოლოდ 10%-მდე შეამცირა.
ტრამპის თქმით, ჩინეთის წინააღმდეგ 125%-იანი ტარიფები დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
"გარკვეული დროის შემდეგ, იმედია, ახლო მომავალში, ჩინეთი მიხვდება, რომ აშშ-სა და სხვა ქვეყნების მოტყუების დღეები აღარ არის მისაღები ან შენარჩუნებადი". - წერს აშშ-ს პრეზიდენტი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ 75-მდე ქვეყანა ტრამპის ადმინისტრაციას ვაჭრობაზე, სავაჭრო ბარიერებზე, ტარიფებსა და რიგ სხვა საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით დაუკავშირდა.
შესაბამისად, ტრამპის თქმით, ვინაიდან აღნიშნულმა ქვეყნებმა, მისი "მტკიცე რჩევის შესაბამისად", პასუხი არ გასცეს აშშ-ს საპასუხო ტარიფებს, ტრამპმა 90-დღიანი პაუზა შემოიღო, რა პერიოდშიც ჩინეთის გარდა ყველა სხვა ქვეყნისთვის ტარიფები 10%-მდე შემცირდება.
აშშ-ს პრეზიდენტის პოსტმა მალევე საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ტრამპის პოსტიდან პირველივე წუთებში S&P 500-ის საბაზრო ღირებულება 7%-ით გაიზარდა. ასევე მკვეთრი ზრდა განიცადა ე.წ. "დიდი შვიდეულის" აქციებმაც, რომლებმაც ტრამპის მიერ ტარიფების დაპაუზებიდან მალევე 5-12%-იანი ზრდა დაიწყეს.





