ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-სთვის საპასუხო 25%-იანი ტარიფების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ტარიფების ძალაში შესვლის პროცესი 15 აპრილიდან დაიწყება და 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.
წევრი ქვეყნების, ევროკომისიისა და ინდუსტრიების რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირი აშშ-სთვის 22 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქციაზე საპასუხო ტარიფების დაწესებაზე შეთანხმდა.
ტარიფები შეეხება, მათ შორის, აშშ-დან ალუმინის, ფოლადის, თამბაქოს, ნუშის, ფორთოხლის წვენის, სოიოს, ფრინველისა და იახტების იმპორტს.
საფრანგეთის, ირლანდიის და იტალიის მოთხოვნით ტარიფები არ შეეხება ბურბონს, მას შემდეგ, რაც ტრამპმა აღნიშნა, რომ სიაში მისი მოხვედრა ევროპულ ალკოჰოლზე 200%-იანი ტარიფების დაწესებას გამოიწვევდა.
25%-იანი ტარიფის დაწესება ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ზომების პირველი ნაბიჯია და აშშ-ს მიერ 26 მილიარდი ევროს ღირებულების ალუმინსა და ფოლადზე დაწესებული ტარიფების გამო შემუშავდა.
ამასთან, ევროკომისია ასევე მუშაობს საპასუხო ტარიფების მეორე ეტაპზეც, რომლის დეტალები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.
"საბაზისო" 10%-იანი ტარიფები ძალაში 5 აპრილს შევიდა. 9 აპრილიდან ძალაში შევა აშშ-ს 50-მდე უმსხვილეს პარტნიორზე დაწესებული უფრო მკაცრი ტარიფები.





