10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გაზაფხულის სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოში უწყვეტ დემოკრატიულ უკუსვლას და მოუწოდებს ივანიშვილის რეჟიმს, გაითვალისწინოს წინა რეზოლუციებში გაცემული რეკომენდაციები, რომელიც ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება.
რეზოლუციის მიხედვით, თანამდებობის დატოვების შესახებ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება დიალოგზე უარის თქმას ნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც "ასამბლეას მიაჩნია, რომ საქმიანობასა და მონიტორინგის პროცედურებში დელეგაციის ჩართულობა არა არჩევანი, არამედ მოვალეობაა".
ამასთანავე, რეზოლუციის პროექტში ასამბლეა მწუხარებას გამოხატავს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად და ახალი, დემოკრატიული არჩევნების დანიშვნისკენ ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.
ამ მხრივ რეზოლუციაში განსაკუთრებული მწუხარება და შეშფოთებაა გამოხატული ადგილობრივი არჩევნების შესახებ საარჩევნო კოდექსში მიღებულ შესწორებებთან და საპარლამენტო საპროცედურო წესებში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ა
აღნიშნული ცვლილებები, რეზოლუციის მიხედვით, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის პოზიციების მეტად გამყარებასა და ამასთანავე საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრას გამოიწვევს.
რეზოლუციაში წერია, რომ რეჟიმის მიერ მიღებული ეს ზომები არ უწყობს ხელს პოლიტიკურ პლურალიზმს და პარალელურად ძირს უთხრის საარჩევნო უფლების თანასწორობის პრინციპს.
ამას გარდა, რეზოლუციის პროექტში ასამბლეა შეშფოთებულია ჟურნალისტების, მომიტინგეებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის მხრიდან ლეგალური პროცესის ბოროტად გამოყენებით და მათი უწყვეტი დაკავებებით. ასამბლეა ასევე შეშფოთებას გამოხატავს ფონდების წინააღმდეგ გამოძიებების წამოწყებასთან და მათი აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით.
რეზოლუციაში ასამბლეა ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ყველა ცნობა დაკავების დროს დემონსტრანტების მიმართ ცუდად მოპყრობისა და პატიმრობაში მათი წამების შესახებ და შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მსგავსი შემთხვევები დღემდე გამოუძიებელი რჩება.
ამასთან, ასამბლეა რეზოლუციაში გმობს ელენე ხოშტარიას მიმართ დროებით დაკავების ცენტრში შეურაცხმყოფელ მოპყრობას, როდესაც მას პოლიციელებმა გაშიშვლება აიძულეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია გმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ შესწორებებს, აკრიტიკებს მედიისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვაზე კანონპროექტს და შეშფოთებას გამოთქვამს საჯარო სამსახურებიდან, სამაგიეროს გადახდის მიზნით, თანამშრომლების დათხოვნის ცნობებთან დაკავშირებით.
რეზოლუცია რეჟიმს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონი, რომელიც "არ შეეფერება ევროპულ ადამიანის უფლებათა კანონს". ამასთანავე, ასამბლეა მტკიცედ ეწინააღმდეგება FARA-სა კანონპროექტს და რეჟიმს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
ასამბლეა გმობს ივანიშვილის რეჟიმის მიერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომლის მიზანიც წინა ხელისუფლების "წარმომადგენლების საქმიანობის გამოძიებაა" და განსაკუთრებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ქართული ოცნების გაცხადებულ განზრახვასთან დაკავშირებით, რაც "კოლექტიური ენმ-ს" აკრძალვას გულისხმობს.
რეზოლუციაში ასამბლეა აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების გათვალისწინების მხრივ პროგრესის არ არსებობა და ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელება, სამომავლოდ ხელს შეუშლის საქართველოს ახალი დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების საკითხს.
საბოლოოდ, ასამბლეა ივანიშვილის რეჟიმს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს, "რათა ქვეყანაში არსებული კრიზისი დაძლეული იყოს და გაგრძელდეს ევროსაბჭოსთან და მის ასამბლეასთან სრული თანამშრომლობა".
ცნობისთვის, 29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართული ოცნებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა. ამავე დოკუმენტში საუბარი იყო ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებაზე.
ამასთანავე, ასამბლეამ მიღებულ რეზოლუციაში აპრილამდე ოცნების დელეგატებს მუშაობა და კომიტეტებზე დასწრება შეუჩერა, ხოლო უფლებამოსილების რატიფიცირებასაც, რაზეც ოცნების პროპაგანდა მთავარ იმედებს აგებდა, მნიშვნელოვანი დათქმები დაურთო. რეზოლუცია დიდი უპირატესობით, 114 მომხრითა და 13 მოწინააღმდეგით, დამტკიცდა. ხოლო 7-მა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
ამას გარდა, 26 მარტს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციას, რომელიც "საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას" ეხება, მხარი 101-მა წევრმა დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგ წავიდა.
გთავაზობთ რეზოლუციის პროექტის სრულ ტექსტს:
1. საპარლამენტო ასამბლეა იხსენებს მისრეზოლუცია 2585-ს "დასაბუთებულ საფუძველზე არსებული გამოწვევა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დაუმტკიცებელი უფლებამოსილების შესახებ", რომელშიც მან გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოში სწრაფ დემოკრატიულ უკუსვლასა და ღრმა სოციალურ კრიზისზე, რაც კითხვის ქვეშ აყენებს ქვეყნის მზადყოფნას, დაემორჩილოს წევრობის მოვალეობებსა და ევროსაბჭოში გაწევრიანების ვალდებულებებს. ამ კონტექსტში, ასამბლეა ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებების საკითხში ევროსაბჭოს კომისრის ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ შედგენილ ანგარიშს, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტზე მიმოცვლილ მოსაზრებებს, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტისა და ვენეციის კომისიის მონაწილეობითაც, ისევე როგორც ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესის 2025 წლის მარტის სესიაზე "საქართველოს ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის ვითარებაზე" მიღებულ ანგარიშსაც.
2. ასამბლეა ღრმად წუხს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, დაამტკიცოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, დელეგაციის ყველა წევრმა დატოვა თანამდებობა, და მაშასადამე უარი თქვა დიალოგზე, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია არ იმყოფება. ასამბლეას მიაჩნია, რომ მის საქმიანობასა და მონიტორინგის პროცედურებში დელეგაციის ჩართულობა, რომლის უფლებამოსილებაც დამტკიცდა, არა არჩევანი, არამედ მოვალეობაა.
3. მიღებულ რეზოლუცია 2585-ში, ასამბლეამ დაადგინა არაერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც იგი მოელის მნიშვნელოვან და ხელშესახებ პროგრესს, როცა საქმე ეხებოდა ქვეყანაში ვითარების შეფასებასა და საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებაზე გადაწყვეტილების გადახედვას 2025 წლის აპრილის ნაწილობრივ სესიაზე.
4. რაც შეეხება ასამბლეის მოწოდებას, რომ ხელისუფლებას მყისიერად დაეწყო ინკლუზიური პროცესი ყველა შესაბამისი მხარისა და სოციალური აქტორის ჩართულობით, მათ შორის, მმართველ უმრავლესობასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლებულ იქნეს პოლიტიკური პატიმრები და აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს აღწერილი ნაკლოვანებები და სუსტი წერტილები, და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ ახალი, გულწრფელად დემოკრატიული, საპარლამენტო არჩევნები მომდევნო თვეებში იყოს დანიშნული, ასამბლეა მწუხარებას გამოხატავს, რომ არანაირი მსგავსი ნაბიჯი არ გადადგმულა. ამ მხრივ ასამბლეა, განსაკუთრებით:
4.1 მწუხარებას გამოთქვამს ადგილობრივი არჩევნების შესახებ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ბოლო შესწორებებს, რამაც, ვენეციის კომისიის მიხედვით, შესაძლოა გამოიწვიოს მმართველი პარტიის პოზიციების უფრო მეტად გამყარება, რასაც არ შეაქვს წვლილი პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობაში და ძირს უთხრის საარჩევნო უფლების თანასწორობის პრინციპს. ამ მოსაზრების შესაბამისად, ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, უკან წაიღოს ეს შესწორებები და უზრუნველყოს, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანოს მიერ მოხდეს, მკაფიო იურიდიული კრიტერიუმების საფუძველზე და შესაბამის მხარეებთან კონსულტაციით;
4.2 შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის საპროცედურო წესებში შეტანილი ბოლო ცვლილებებით, რომელიც დაბლა წევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დასანიშნად საჭირო უმრავლესობას და აუქმებს იურიდიულ მოთხოვნას, რომ დანიშვნის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონსულტაცია მოხდეს, მაშასადამე, ეს უფრო მეტად უთხრის ძირს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას;
4.3 ითვალისწინებს 2025 წლის 26 მარტს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ასკვნის, რომ მრავალი ნაკლოვანება და გამოწვევა, რომელსაც გავლენა აქვს დემოკრატიისადმი პატივისცემაზე, ხოლო კანონის უზენაესობის პრინციპისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, არ ქმნის 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად ნდობაზე დაფუძნებულ გარემოს და, სინამდვილეში, ვითარების გაუარესების საფრთხეს აჩენს. ასამბლეა იმეორებს მის მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ მეტი გადადების გარეშე აღდგეს პირობები გულწრფელი დემოკრატიული არჩევნებისთვის.
4.4 შეშფოთებულია ცესკოს გადაწყვეტილებით, არსებითად შეზღუდოს დამკვირვებლების უფლებები არჩევნების დღეს და მათი უნარი ეფექტურად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და მოუწოდებს ცესკოს გააუქმოს ეს შეზღუდვები, რადგან ისინი ახდენენ მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობაზე და საზოგადოების ნდობაზე.
5. ასამბლეა შეშფოთებულია, რომ დაკავებები და ლეგალური პროცესის ბოროტად გამოყენება, რათა სამაგიერო გადაუხადონ მომიტინგეებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო ლიდერებს, შეუფერხებლად გრძელდება. [ასამბლეა] აღნიშნავს, რომ სასამართლო გარჩევის დაწყებამდე დაკავებების განახლება სასამართლოების მიერ სადავო იურიდიულ საფუძვლებზე გრძელდება, რაც ხაზს უსვამს წინა რეზოლუციაში უკვე გამოხატული შემაშფოთებელი საკითხების გაგრძელებას. ამ კონტექსტში, შეშფოთებულია საქართველოს სოლიდარობის ფონდების წინააღმდეგ წამოწყებული კრიმინალური გამოძიებებისა და მათი აქტივების გაყინვის შესახებ, რაც ფარავდა იურიდიული დახმარების, ჯარიმებისა და შემოსავლების დანაკარგის ხარჯებს დაკავებული ან დემონსტრაციებთან დაკავშირებით დათხოვილი პირებისთვის. ასამბლეა იმეორებს მოწოდებას, რომ ყველა დაკავებული მომიტინგე დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოშვებული და გასცემს რეკომენდაციას, რომ წამების პრევენციის კომიტეტმა მათი პატიმრობის ადგილები მოინახულოს.
6. ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკე დღემდე არ არის ეფექტურად გამოძიებული, რაც ქმნის დაუსჯელობის კლიმატს. ამ კონტექსტში, იგი ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების ცნობებით, რომ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებულთა დიდ ნაწილს დაკავების დროს და პატიმრობაში აწამებდნენ და ცუდად ეპყრობოდნენ. მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიოს ყველა მსგავსი ცნობა გამჭვირვალე და ეფექტური გზით. ასამბლეა გმობს ოპოზიციონერი ლიდერის, ელენე ხოშტარიას, მიმართ დემონსტრაციაზე დაკავების შემდეგ შეურაცხმყოფელ მოპყრობას, რომელსაც პოლიციელებმა დროებითი დაკავების ცენტრში გაშიშვლება აიძულეს.
7. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით გამოწვევები კვლავ არსებობს. ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას ბოლო პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიღებული შეშფოთებების შესახებ, რასაც ნეგატიური გავლენა ჰქონდა შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებზე. ასამბლეა აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია, აღნიშნულ შესწორებებზე მის გადაუდებელ მოსაზრებაში, რაც ასამბლეის პრეზიდენტმა მოითხოვა, მიიჩნევს, რომ ეს შესწორებები ძალზე სწრაფი გზით მიიღეს, შესაბამისი მხარეების მონაწილეობის გარეშე, და დიდი ალბათობით, შოკისმომგვრელი გავლენა ექნება შეკრების თავისუფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე. ასამბლეა მოუწოდებს მთავრობას, უკან გაიწვიოს ეს შესწორებები და იმეორებს მთავრობის მიმართ მოწოდებას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სრულად ახალი კანონი მიიღოს, რომელიც სრულად არის თანხვედრაში ევროპულ ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობის პრინციპთან.
8. სამწუხაროდ, მედია გარემო გაუარესებას განაგრძობს. ასამბლეა აღნიშნავს, რომ 2024 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 77-ე ადგილიდან 103-ზე ჩამოქვეითდა, ხოლო ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიშში ხაზგასმული იყო მედია თავისუფლებების სწრაფი გაუარესება მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე. ამ კონტექსტში, ასამბლეა შეშფოთებულია მედიის კანონმდებლობაში შესწორებებით, რომელიც მედიებს, მათ შორის ონლაინ მედიებს, პირდაპირი და ირიბი უცხოური დაფინანსების მიღებას უკრძალავს (კომერციული რეკლამირების, პროდუქტის განთავსებისა და მსგავსი საქმიანობების გარდა) და მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის კონტენტის მარეგულირებელ უფლებამოსილებებს, რომლის დამოუკიდებლობაცა და მიუკერძოებლობად ძლიერ სადავოა.
9. ასამბლეა აღშფოთებით აღნიშნავს უწყვეტ ცნობებს დაშინებისა და სამაგიეროს გადახდის შესახებ, მათ შორის, ქვეყანაში სოციალური კრიზისზე ხელისუფლების პასუხის მიმართ კრიტიკული სამოქალაქო მოხელეების წინააღმდეგ დიდი რაოდენობით დათხოვნები. გმობს ბოლო პერიოდში კანონპროექტის მიღებას, რომელიც ამცირებს დასაქმებულების დაცვის ზომებს საჯარო მოხელეებისთვის, და საჯარო რეესტრის მხრიდან "სამოქალაქო მოხელეების დამოუკიდებელი სავაჭრო კავშირის" რეგისტრაციაზე განმეორებით უარს, რომელიც შარშან დაარსდა.
10. ასამბლეა მიესალმება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ დროებით რეზოლუციას ევროპის ადამიანის უფლებათა სამართლის გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეში, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უკან წაიღოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთან დაცვის შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში საქართველოს ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ასამბლეა იმეორებს მის პოზიციას, რომ ეს კანონი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გაწვეული.
11. ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მიღების გამო. აღნიშნული კანონი, რომელიც იგივე მიზნებს ემსახურება, რომლებსაც საკამათო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მოიცავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის და მას გამანადგურებელი გავლენა ექნება სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოში. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებიც ამ კანონთან დაკავშირებით გამოქვეყნდება. ასამბლეა ასევე შეშფოთებულია იმ კანონმდებლობის მიღებით, რომელიც აუქმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას და კონსულტაციას როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნის პროცესში, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში. ასამბლეა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა აუცილებელია საზოგადოების მხრიდან კანონმდებლობის მიღებისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი ფუნქციონირებს. იგი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გააუქმოს აღნიშნული კანონი.
12. ასამბლეა გმობს მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ გადაწყვეტილებას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც ვრცელ უფლებამოსილებებს იღებს საკუთარ თავზე და მიზნად ისახავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) რეჟიმისა და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების საქმიანობის გამოძიებას 2003-2012 წლებში“, რომელიც შემდგომში გაგრძელდა და 2013 წლიდან დღემდე პერიოდიც მოიცვა. ასამბლეა შეშფოთებულია იმით, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ენმ-ს ყოფილი წევრების, ასევე პოლიტიკური პარტიების, გირჩის, ლელოს, ახალის და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიმართ, რომლებმაც კომისიის წინაშე წარდგენაზე თქვეს უარი. ასამბლეა განსაკუთრებით ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტიის მიერ გაცხადებული განზრახვით, რომელიც მიზნად ისახავს „კოლექტიური ენმ-ის“ აკრძალვას და კანონმდებლობის მიღებას, რომელიც კრძალავს პარტიის მემკვიდრე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციის შექმნას. შემაშფოთებელია, რომ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ყოფილი წევრები დაკითხვაზე დაიბარეს და შესაძლოა 1633-ე რეზოლუციისთვის(საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგები) ხმის მიცემის გამო სასამართლოს წინაშე მოუწიოთ წარდგომა. ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ეფექტური აკრძალვა საქართველოში წარმოადგენს წევრი ქვეყნის მიერ ევროპის საბჭოს წესდებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონი ჯერ არ არის მიღებული, მხოლოდ მისი მიღების მუქარაც კი ამაღლებს პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში და ხელს უშლის არსებული კრიზისის დაძლევას.
13. ასამბლეა აღნიშნავს, რომ ამჟამად ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია არ არის. რეზოლუცია 2585-ში გაწერილი პირობების გამეორებით, ასამბლეა მიიჩნევს, რომ ასამბლეის რეკომენდაციებისა და შეშფოთებების აღმოფხვრის მიმართ პროგრესის ნაკლებობა, როგორც ეს რეზოლუცია 2585-სა და რეზოლუცია 2561-შია გაწერილი, და ზოგადად საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელება, არ შეუწყობს ხელს საქართველოს ახალი დელეგაციის უფლებამოსილების დამტკიცებას, თუკი ისინი მომავალი ასამბლეის ნაწილობრივ სესიაზე წარდგებიან.
14. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას შეშფოთებები და რეკომენდაციები, რომელიცასამბლეამ რეზოლუცია 2438-ში, 2561, 2585-ში გამოხატა, რათა ქვეყანაში არსებული კრიზისი დაძლეული იყოს და გაგრძელდეს ევროსაბჭოსთან და მის ასამბლეასთან მათი სრული თანამშრომლობა.