რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Kyiv Post: NATO-ს მინისტერიალზე მოკავშირეებმა რუსეთს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მოუწოდეს

Kyiv Post / Alex Raufoglu

გამოცემა Kyiv Post აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ 3 აპრილს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მხარეებმა აღიარეს, რომ რუსეთმა მშვიდობის მისაღწევად მეტი უნდა გააკეთოს.

Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტთან საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ "რუსეთს ჯერ არ გამოუჩენია ერთგულება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართ და რამდენიმე მოკავშირემ ეს საკითხი შეხვედრაზე დააყენა". 

ოფიციალური პირის თქმით, მოკავშირეებმა ასევე განიხილეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის აუცილებლობა. აშშ-მ NATO-ს კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობასა და მისი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაფართოების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგიერთმა მოკავშირემ აიღო ვალდებულება თავდაცვაზე მშპ-ს 5% დახარჯოს, თუმცა კონკრეტული ვადები არ გამოცხადებულა.

Kyiv Post-ის შეკითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს აშშ-ს ევროპული ქვეყნების მხრიდან ადგილობრივი იარაღის შეძენის პროცესზე, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ "მთავარია არ არსებობდეს შეზღუდვები შესყიდვებზე".

კორესპონდენტის კითხვაზე, როგორ უთავსებს აშშ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში თავის პოლიტიკას ევროპელ მოკავშირეთა განსხვავებულ პოზიციებს, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მოკავშირეებს შორის ამ კუთხით "ფართო განსხვავებები არ არსებობს და უკრაინის პოზიციის მხარდაჭერა ნათელია".

"წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა აღიარებს, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტისა და უფრო ფართო მშვიდობის მიღწევის ერთგულია". - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, NATO-ს გენერალური მდივანმა, მარკ რუტემ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს არ აქვს ევროპის თავდაცვის სტრუქტურიდან "მოულოდნელი გასვლის გეგმა". რუტე ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს მხრიდან აზიაზე ფოკუსის გადატანა ევროპელ მოკავშირეებთან იქნება კოორდინირებული. 

"არ არსებობს არანაირი გეგმა, რომლის მიხედვითაც აშშ მოულოდნელად შეამცირებს თავის სამხედრო მზადყოფნას ევროპაში. თუმცა ისიც გვესმის, რომ აშშ, როგორც გლობალური სუპერძალა ვალდებულია, სხვა რეგიონებსაც მიაქციოს ყურადღება. ალიანსის ფარგლებში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შეთანხმებით, ერთობლივი მუშაობის პრინციპით, თუ ამერიკას სურს მეტი ფოკუსი გადაიტანოს აზიაზე, ცხადია, ამას კოორდინირებულად განვახორციელებთ,"- თქვა რუტემ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები