ტრამპის ტარიფები

ჩინეთი ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე საპასუხო ზომებს მიიღებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი

3 აპრილს ჩინეთმა პირობა დადო, რომ წინა დღით აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე საპასუხო ზომებს მიიღებს მას შემდეგ, რაც ტრამპმა ჩინურ იმპორტზე დამატებით 34%-იანი ტარიფი დააწესა.

საპასუხოდ, ჩინეთის კომერციის სამინისტრომ აშშ-ს ტარიფების "მყისიერად გაუქმებისკენ" და უთანხმოებები დიალოგის მეშვეობით გადაჭრისკენ მოუწოდა.

"ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამას და გადაჭრით მიიღებს საპასუხო ზომებს, რათა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები". - განაცხადა სამინისტრომ და ტარიფებს ეკონომიკური ზრდისა და გლობალური მიწოდების ჯაჭვების მიმართ საფრთხე უწოდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.

ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.

გავრცელებული ინფორმაციით, შედეგად, აშშ-ს მხრიდან ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ტარიფებმა საშუალოდ 65% შეადგინა, ახალი ტარიფის დაწესებამდე უკვე არსებული სავაჭრო ბარიერების გათვალისწინებით. მანამდე, ტრამპს ჩინეთის წინააღმდეგ უკვე გამოცხადებული ჰქონდა 20%-იანი ტარიფი.

კომენტარები