რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სახდეპი: უკრაინა დემოკრატიაა, ტრამპს არ მოსწონს რუსეთის აზრი დროებით მთავრობაზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ტემი ბრიუსი
cdn.net

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ტემი ბრიუსის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთის მხრიდან გამოთქმული აზრი უკრაინაში დროებით მთავრობასთან დაკავშირებით არ მოსწონს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა კონსტიტუციური დემოკრატიაა. 

ამის შესახებ ბრიუსმა ბრიფინგის დროს ჟურნალისტის კითხვის პასუხად ილაპარაკა.

"რუსეთის მხრიდან გამოითქვა აზრი დროებითი ადმინისტრაციის შესახებ, რომელიც პრეზიდენტს არ მოეწონა. უკრაინა - ვფიქრობ, ამის შეხსენება ყველასთვის არ მჭირდება, მაგრამ კარგი შეხსენებაა - არის კონსტიტუციური დემოკრატია. უკრაინაში მმართველობა განსაზღვრულია მისი კონსტიტუციით და უკრაინელი ხალხის მიერ. ერთგულები ვართ დიპლომატიის, რომელიც საჭიროა სრული ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და საბოლოო და გრძელვადიანი დასასრულისთვის მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეების მოსაყვანად. პრეზიდეტმა ტრამპმა ცხადყო, რომ რუსეთმა და უკრაინამ სრული ცეცხლის შეწყვეტისკენ სვლა ახლა უნდა დაიწყონ. არაფერი არ შეცვლილა". - თქვა ბრიუსმა. 

მანამდე, გამოცემა Reuters ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აშშ-ს თეთრმა სახლმა უარყო ვლადიმირ პუტინის წინადადება უკრაინაში "დროებითი მთავრობის დანიშვნის" შესაძლებლობის შესახებ.

"რა თქმა უნდა, შესაძლებელია გაეროს, აშშ-ს, ევროპული ქვეყნების, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების ეგიდით უკრაინაში დროებითი მმართველობის დანიშვნა განვიხილოთ". - თქვა პუტინმა 27 მარტს.

თუმცა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ის პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ უკრაინაში მმართველობის განსაზღვრა მხოლოდ მისი კონსტიტუციითა და ქვეყნის მოსახლეობის მიერ შეიძლება.

პუტინის მტკიცებით, უკრაინის ამჟამინდელი მმართველობა არალეგიტიმურია, რადგან ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა მას შემდეგ, რაც ზელენსკის ვადა გაუვიდა. ცნობისთვის, უკრაინის კონსტიტუცია საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარებას კრძალავს. 

ქვეყანაში საომარი მდგომარეობა ძალაში 2022 წლის თებერვლიდან შევიდა, როდესაც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანად შეიჭრა.

"თუ ის [ზელენსკი] თავად არის არალეგიტიმური, მაშინ ყველა დანარჩენიც [არალეგიტიმური] არის". - თქვა პუტინმა და განმარტა, რომ არჩევნების ჩატარება უცხოური ზედამხედველობის ქვეშ შეიძლება, რათა დაინიშნოს მთავრობა, რომელსაც "ხალხის ნდობა აქვს".

კომენტარები