აშშ-ვენესუელა

ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელაში მოქმედ დასავლურ ნავთობკომპანიებს ლიცენზიები შეუჩერა

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო (მარცხნივ) და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა მრავალი ნებართვა და ლიცენზია, რომლებიც უფლებას აძლევდა დასავლურ ნავთობკომპანიებს, ბიზნესი ვენესუელაში ეწარმოებინათ. როგორც Financial Times წერს, ეს აშშ-ს ადმინისტრაციის ძალისხმევაა, კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკური და დიპლომატიური წნეხი მოახდინოს ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე. 

იტალიური ნავთობგიგანტი კომპანია Eni-ს 30 მარტის განცხადებით, აშშ-ს ხელისუფლებამ შეატყობინა, რომ მას ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-სთვის ნედლი ნავთობის სანაცვლოდ ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუძლია. 

გამოცემის ცნობით, აშშ-ს ადმინისტრაციისგან ამავე შინაარსის შეტყობინება მიიღო სავაჭრო კომპანია Global Oil Terminals-მა, რომ მას ვენესუელიდან პროდუქციის ექსპორტისთვის მინიჭებული ლიცენზია თანდათანობით გაუუქმდებოდა. 

როგორც Financial Times წერს, ნებართვებისა და ლიცენზიების შეჩერება, რომლების დასავლურ კომპანიებს ვენესუელაში სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-სთან ბიზნესის წარმოების საშუალებას აძლევდა, ტრამპის ადმინისტრაციის უახლესი ნაბიჯია, ზეწოლა მოახდინოს მადუროზე, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტი მესამე ვადით გახდა, თუმცა 2024 წლის ივლისის არჩევნების მასშტაბური გაყალბების გზით. არჩევნების შედეგებს დასავლური ქვეყნები, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და აშშ არ ცნობს. 

გასულ კვირაში, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ვენესუელიდან შეისყიდის ნავთობს, ნებისმიერ იმპორტზე 25%-იან ტარიფს დაუწესებს. 

Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ ტარიფებს "სხვადასხვა მიზეზის" გამო აწესებს, რადგან, მისი თქმით, "ვენესუელამ, ფარულად, მიზანმიმართულად და მოტყუებით გაგზავნა აშშ-ში ათეულობით ათასი გავლენიანი დამნაშავე, რომელთა დიდი ნაწილიც მკვლელი და ძალიან ძალადობრივი ბუნების პირები არიან".

კომენტარები