მედიის კანონი

დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე მედიის კანონს III მოსმენით მხარი დაუჭირეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მედიის კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს.

ივანიშვილის წარმომადგენლის, თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შევიდა.

"მესამე მოსმენისთვის მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტმა განიცადა მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები. ერთადერთი შედარებით საყურადღებო საკითხი შეეხება კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით ჩამოყალიბებულ 59-ე პრიმა მუხლს, სადაც ხდება მე-5 პუნქტის დამატება, რადგან მეორე მოსმენისას გაჟღერდა, რომ მაუწყებლის ონლაინ არხებზეც გავრცელდეს არსებული სტანდარტები და ონლაინ არხები სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს ონლაინ რესურსები. ეს არის და ეს. სხვა მხრივ პროექტმა მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები განიცადა". - თქვა ჭიეშვილმა.

ცნობისთვის, 19 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე ივანიშვილის 83 დეპუტატი იყო, მოწინააღმდეგე კი ერთი.

რეჟიმმა 24 თებერვალს ორი კანონპროექტი წარადგინა - პირველი მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების პირდაპირ და არაპირდაპირ მიღებას უკრძალავს, მეორეს კი მაუწყებლობის სტანდარტებში ცვლილებები შეაქვს და ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების შესაძლებლობას კომუნიკაციების კომისიასაც აძლევს. აქამდე ეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმით იყო შესაძლებელი.

"კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლობის სტანდარტების მკაფიო რეგულირებას, რაც გულისხმობს, მათ შორის, მაუწყებლის ხარისხიანი და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების საგნის გაფართოებას, მაღალხარისხიანი მაუწყებლობის სტანდარტების ბრიტანული მოდელის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას, მედია პლურალიზმის და საზოგადოების ინფორმირების ხარისხის კუთხით საკანონმდებლო ნორმათა დახვეწას, აგრეთვე, სამაუწყებლო პროცესში ეთიკური სტანდარტების დაცვას" - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კომენტარები