ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ სანქციებს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება ან დადებულ შეთანხმებას დაარღვევს.
30 მარტს ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე სტუბმა აღნიშნა, რომ ფინეთს 20 აპრილი მიაჩნია შესაფერის თარიღად, როცა უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა გამოცხადდეს.
"რატომ 20 აპრილი? რადგან ვადის დაწესება გვესაჭიროება. რადგან ეს აღდგომაა. და იმიტომ, რომ პრეზიდენტი ტრამპის თანამდებობაზე ყოფნიდან 3 თვე იქნება გასული". - განმარტა ფინეთის პრეზიდენტმა.
-
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი დონალდ ტრამპთან შესახვედრად ფლორიდაში ჩავიდა
-
ტრამპი: მე და სტუბი მოუთმენლად ველით აშშ-სა და ფინეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას
მან აღნიშნა, რომ თუკი რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტაზე ან დაარღვევს მას, სანქციების კუთხით ძლიერი მექანიზმის არსებობა იქნება საჭირო.
"ასევე ჩვენ ეს განვიხილეთ პრეზიდენტ ტრამპთან და სენატორ ლინდსი გრემთან, რომელიც სანქციების პაკეტის შემოქმედია. ის [გრემი] მალე ამას აშშ-ში ორმოცდაათი სენატორის მხარდაჭერით წარადგენს". - თქვა სტუბმა.
ფლორიდაში ტრამპსა და სტუბს შორის შეხვედრას ლინდსი გრემიც ესწრებოდა. ლიდერები ერთმანეთს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში გოლფის სათამაშოდ და სხვადასხვა საკითხის განსახილველად შეხვდნენ.
პრესკონფერენციაზე სტუბს ასევე ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს ტრამპი სანქციებთან დაკავშირებით:
"გრემსა და პრეზიდენტ ტრამპს ახლო ურთიერთობა აქვთ. ცხადია, ყველაფერი, რასაც სენატორი გრემი გეგმავს, არ ახდება, მაგრამ შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მოთმინება ამერიკულ მხარესაც ეწურება - და ჩემი აზრით, ეს კარგია". - უპასუხა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბმა დაამატა, რომ ტრამპი "ძალიან გაღიზიანებულია რუსეთის ქმედებებით, ამ ხრიკებითა და შეფერხებებით ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მე ვცადე ამეხსნა, რომ ეს ტიპური რუსული საქციელია: ჯერ რაღაცაზე დათანხმდები და მერე ახალი პირობებით მიუბრუნდები".
სტუბის თქმით, მან ტრამპს ასევე უთხრა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის, რაც სანქციებისა და გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენებას ნიშნავს.
ამერიკული ტელეარხ NBC News-ის ინფორმაციით, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინზე "გაბრაზებულია" და რუსეთს ნავთობზე მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუკი ის დაინახავს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დამთავრების მხრივ მის ძალისხმევას დაბრკოლებებს უქმნის.
NBC-ის ციტირებით, ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან გაბრაზებული და განრისხებული ვიყავი, როდესაც პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინაში ახალ მმართველობაზე დაიწყო საუბარი".
"თუ რუსეთი და მე ვერ შევძლებთ უკრაინაში სისხლის ღვრაზე შეთანხმების მიღწევას, და თუკი ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, რაც, შეიძლება, ასე არ იყოს, მაგრამ თუ ამას ვიფიქრებ, მეორად ტარიფებს დავაწესებ ყველანაირ ნავთობზე, რომელიც რუსეთიდან გამოდის". - ციტირებს ტრამპს NBC News.





