რუსული რეჟიმი

მოქალაქის თქმით, ფოთის მერის კრიტიკის გამო 5 პირი თავს დაესხა

"ტვ პირველის" ინფორმაციით ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძისადმი კრიტიკული შინაარსის პოსტის გამოქვეყნების გამო მოქალაქე ვლადიმერ ამბალიას 5 პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

"ტვ პირველთან" ინტერვიუში ამბალია ამბობს, რომ ფოთში არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეოები გამოაქვეყნა.

"იმდენი პრობლემა გვაქვს ქალაქში, ფოთი ვისაც ნანახი აქვს და ნამყოფია ქალაქში, კარგს რას იტყვის". - თქვა ამბალიამ ინტერვიუში.

მისი თქმით, ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ ფოთის მერმა მის წინააღმდეგ "სადამსჯელო ღონისძიება" ჩაატარა.

"ეს [ვიდეოები] ეძღვნებოდა ქალაქის მერს, ბექა ვაჭარაძეს, რომელსაც მოვიხსენიებ როგორც "ასფალტოვიჩს". ეს ის ბექა ვაჭარაძეა, რომელსაც ადრე შევთავაზეთ ფესტივალი და უარი თქვა, ახლა გამოუშვა სადამსჯელო ღონისძიება.

მოძებნეს ამათმა ისეთი მომენტი, რომ მარტო ვყოფილიყავი, 5-მა კაცმა გამლახა და არც კი მოუსმენიათ, "ასფალტოვიჩს" რატომ ვეძახი მერს. აგიხსნით მეთქი, ამ სიტყვის შემდეგ რა იწყება, ამას რა ჰქვია არ ვიცი. ეს ადგილი არის პოლიციიდან 100 მეტრში. ანუ ტიპები არიან, რომ მათია ქალაქი და შენ, რაო?! აწი არ შევხვდეთ, თორემ მერე განახებო". - ჰყვება მოქალაქე "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ამბალიას თქმით, თავდამსხმელები ბექა ვაჭარაძესთან დაახლოებული პირები არიან. "ვინც გადავხედეთ, ყველა არის ბექა ვაჭარაძის მეგობარი, ბავშვობიდან, სკოლაში პირველი კლასიდან რომ ერთად იყვნენ, უმეტესობა". 

"ტვ პირველის" მტკიცებით სამი თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლეს და ესენი ლაშა გვალია, ლაშა ყურუა და დავით თავაძე არიან.

კომენტარები