ემანუელ მაკრონი

დედის თხოვნის შემდეგ მის აუტიზმის მქონე შვილს მაკრონმა დაბადების დღე ვიდეოთი მიულოცა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პლატფორმა X-ზე აუტისტი შვილის დედის მიერ გავრცელებულ თხოვნას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

"ჩემს ვაჟს, მაქსენს, რამდენიმე დღეში 18 წელი შეუსრულდება. როგორც აუტისტს, სამწუხაროდ, არცერთი მეგობარი არ ჰყავს მოსაწვევად". - დაწერა ქალმა სოციალურ ქსელში 22 მარტს.

"იმისთვის, რომ ეს თარიღი მისთვის დასამახსოვრებელი გავხადო, მსურს შევაგროვო დაბადების დღის მისალოცი ვიდეოები ცნობილი ან ნაკლებად ცნობილი, თუმცა კეთილი ადამიანებისგან". - აღნიშნა მაქსენსის დედამ.

განცხადებას ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა და მაქსენს დაბადების დღე მიულოცა.

"შენმა დედამ შესანიშნავი იდეა მოიფიქრა. შენი დაბადების დღისთვის მან პატარა მესიჯები მოითხოვა. ამიტომ, მინდოდა ძალიან ბედნიერი დაბადების დღე მესურვა შენთვის. გისურვებ ბედნიერ მე-18 წელიწადს, სიხარულითა და მიზნებით სავსეს. ამ დღეს შენზე ვფიქრობ". - განაცხადა მაკრონმა 26 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოში. 

მაქსენს, რომელსაც სწავლის გაგრძელება კონდიტერიის მიმართულებით სურს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში სტაჟირება შესთავაზა.

"თუ სტაჟირებისთვის ადგილი გჭირდება, ჩვენ საკონდიტროში შესანიშნავი მზარეულები არიან, მოტივირებული გუნდი, ასე რომ, თუ ისურვებდი რამდენიმე კვირით ან თვით აქ სტაჟირებას, კეთილი იყოს შენი მობრძანება". - აღნიშნა მან.

"თუ არადა, მე დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებდი შენს ნამცხვრებს, ყველა შემთხვევაში, ძალიან ბედნიერი დაბადების დღე შენ!". - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

კომენტარები