თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა, თემურ ქათამაძე ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო და 2 800 ლარით დააჯარიმა.
კლინიკა ვივამედის გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე თემურ ქათამაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.
"მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინებაც გაისმა ნინოს წინააღმდეგ და [ნადირაძის მისამართით] მოიქნია ფეხი" - თქვა ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმემ.
თემურ ქათამაძის განცხადებით, ნინო ნადირაძისთვის "არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია".
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ქათამაძე დააჯარიმა.
ცნობისთვის, 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მოთხოვნა მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა, რაც ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსს გულისხმობს.
სხდომაზე, ქათამაძემ სასამართლოს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა. მედროშის განცხადებით, ის ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა როგორც მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში, ასევე კლინიკა ვივამედში.
ქათამაძემ სასამართლოს მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო სთხოვა. მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ ქათამაძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ფარქოსაძის განმარტებით, შუამდგომლობა დასაბუთებული არ იყო.
თემურ ქათამაძე კლინიკა ვივამედში 5 მარტს, შიმშილობის 48-ე დღეს გადაიყვანეს. იმავე დღეს ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ექიმებთან კონსულტაციის დღეს ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა.
-
ქათამაძე: დაკავების დღიდან ჩემს მიმართ ხორციელდება მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა
-
ქათამაძე: ჩემი ბრძოლის ფორმა შიმშილობაა, სამშობლოსთვის ბრძოლის შეწყვეტა აღარ შემომთავაზოთ
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.
ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.
26 თებერვალს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შსს-ს მიმართა და მოუწოდა, ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მედროშის, თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებული ყოფილიყო ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო.





