ევროკავშირმა აშშ-ს ტარიფების საპასუხოდ თავისი პირველი ზომების ამოქმედება აპრილის შუა რიცხვებამდე გადაავადა, რათა გადახედოს, რომელ ამერიკულ საქონელზე უნდა დაწესდეს სანქციები და მოლაპარაკებებისთვის დამატებითი დრო მოიპოვოს.
ევროკომისიას, თავდაპირველად, 1 აპრილს 4.5 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ პროდუქტებზე 2018 წლის ტარიფების ხელახლა დაწესება, ხოლო, 13 აპრილს, 18 მილიარდი ევროს მოცულობის დამატებითი სანქციების დაწესება ჰქონდა დაეგმილი.
„ამ ეტაპზე განვიხილავთ ევროკავშირის ორივე საპასუხო ზომის დროში შეჯერებას, რათა წევრ სახელმწიფოებს ორივე სიის ერთდროულად განხილვის შესაძლებლობა მივცეთ, რაც ასევე ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისთვის დამატებით დროს მოგვცემს“ - თქვა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე.
შეფჩოვიჩის თქმით, ამ დრომდე, ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მცირე პროგრესს მიაღწია, მათ შორის, მისი ინიციატივის განხილვაში, რომელიც ინდუსტრიული პროდუქციის იმპორტის გადასახადების შემცირებას ეხება.
ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ყველა ევროკავშირის საპასუხო ზომა ძალაში შევა აპრილის შუა პერიოდში.
პირველი საპასუხო ზომები ამერიკულ ბურბონზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. ტრამპმა კი დაიმუქრა, რომ ევროკავშირის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ევროკავშირში წარმოებულ ყველა ღვინოსა და ალკოჰოლურ პროდუქტზე 200%-იან ტარიფებს დააწესებდა.





