17 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დეპორტაციის მიზნით დააკავა ინდოელი სტუდენტი, ბადარ ხან სური, რომელიც ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლობდა. ტრამპის ადმინისტრაცია მას ჰამასთან კავშირების ქონაში ადანაშაულებს. 19 მარტს სტუდენტის ადვოკატმა თქვა, რომ მას აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.
სური აშშ-ში სტუდენტური ვიზით ცხოვრობს და დაქორწინებულია აშშ-ს მოქალაქეზე. ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში სადოქტორო კურსის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში მკვლევარი გახდა. 17 მარტს, ის ფედერალურმა ოფიცრებმა ვირჯინიაში, საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.
Fox News-თან გაზიარებული განცხადების მიხედვით, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა სური ჰამასთან კავშირებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის სოციალურ ქსელში ჰამასის პროპაგანდასა და ანტისემიტურ მასალებს ავრცელებდა. განცხადების ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადგინა, რომ სურის დეპორტაცია მისმა ქმედებებმა გამოიწვია.
მანამდე, 10 მარტს, მაჰმუდ ხალილი, სტუდენტი, რომელიც გასულ წელს ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსზე გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლიდერი იყო, აშშ-ს ფედერალური იმიგრაციის ოფიცრებმა დააკავეს.
ხალილს საიმიგრაციო ორგანოს ოფიცრებმა უთხრეს, რომ მას სტუდენტური ვიზა გაუუქმდა, თუმცა ადვოკატის ცნობით, მისი კლიენტი აშშ-ს კანონიერი და მუდმივი რეზიდენტია, აქვს მწვანე ბარათი და ჰყავს ამერიკელი მეუღლე.
ცნობისთვის, კოლუმბიის უნივერსიტეტი გასული წლის პროპალესტინური სტუდენტური საპროტესტო აქციების ეპიცენტრი იყო, რომელიც ღაზის სექტორში მიმდინარე ომსა და ისრაელისადმი აშშ-ს მხარდაჭერას აპროტესტებდა.