ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

საჰაერო იერიშების შემდეგ, ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო მოქმედებები განაახლა

ისრაელის ტანკი ღაზის სექტორის საზღვართან, 3 დეკემბერი, 2023
Getty Images

ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციები განაახლა მას შემდეგ, რაც 18 მარტს მხარეებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩამოიშალა. 

საჰაერო იერიშების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი დაიმუქრა, რომ ღაზაში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მმართველობის გაგრძელებას მისი "სრული განადგურება და ნგრევა" მოჰყვება.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, სამხედროები სამხრეთ და ჩრდილოეთ ღაზის გამყოფი ნეცარიმის დერეფანზე კონტროლის აღდგენის პროცესში არიან, რომელიც ისრაელელმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში დატოვეს.

ისრაელის არმიის თქმით, სამხედრო მოქმედებების მიზანი საზღვრის მიმდებარედ უსაფრთხოების ზონის გაფართოება და ჩრდილოეთ და სამხრეთ ღაზას შორის ნაწილობრივი ბუფერული ზონის შექმნაა.

ამასთანავე, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელი მალე გამოსცემს სექტორში საბრძოლო ზონებისთვის საევაკუაციო ბრძანებებს.

ცნობისთვის, 18 მარტის დილის საათებში ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შორის არსებული დროებითი ზავი ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში ათეულობით საჰაერო იერიში მიიტანა.

აღსანიშნავია, რომ ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ტერორისტული დაჯგუფება პალესტინის ისლამური ჯიჰადის სამხედრო ფრთის სპიკერი, ფსევდონიმად აბუ ჰამზა, მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, იერიშების დროს ასევე მოკლეს ღაზის სექტორის დე-ფაქტო პრემიერმინისტრი და ტერორისტული დაჯგუფების კიდევ სხვა მაღალჩინოსნები.

მანამდე, ისრაელის არმიას პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უბრძანა, რომ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ "ძალით იმოქმედოს", ვინაიდან ჰამასმა არაერთხელ თქვა უარი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე.

ნეთანიაჰუს უწყების მიხედვით, იერიშების განახლების გადაწყვეტილება "ჩვენი მძევლების გამოშვებაზე ჰამასის მხრიდან განმეორებით უარის თქმას მოჰყვა, ისევე როგორც მათი მხრიდან იმ წინადადებების უარყოფას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლისგან, სტიფ უიტკოფისგან, და სხვა მედიატორებისგან მიიღეს".

ისრაელის მიერ დაწყებული ხელახალი იერიშები ყველაზე ძლიერი იყო მას შემდეგ, რაც იანვარში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, და, ამასთანავე, ისრაელმა მიანიშნა, რომ იერიშები მომავალშიც გაგრძელდება. 


ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში ჰამასის ტყვეობიდან ათეულობით ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა, თუმცა შეთანხმება 1-ელ მარტს დამთავრდა.

ამის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება დამატებით თითქმის ორ-ნახევარი კვირის განმავლობაში რჩებოდა ძალაში, რის პარალელურადაც მედიატორები ზავის გახანგრძლივებაზე მუშაობდნენ.

ისრაელის მხარე ითხოვდა, რომ შესაძლო ზავის გახანგრძლივების ფარგლებში ჰამასს დარჩენილი ისრაელელი მძევლებიც გაეთავისუფლებინა პალესტინელი პატიმრებისა და დაკავებული პირების გამოშვების სანაცვლოდ. 

თუმცა, ჰამასი თავდაპირველად დადებული შეთანხმების პირობების შენარჩუნებას ცდილობდა, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში მეორე ფაზაში შესვლას გულისხმობდა, რის ფარგლებშიც ისრაელი სრულად უნდა გამოსულიყო, ხოლო ღაზაში დანარჩენი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის სამუდამო დამთავრებაზე უნდა დათანხმებულიყო.

ისრაელმა თავდაპირველ შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა ნეთანიაჰუ დიდი ხანია ამბობს, რომ ისრაელი ომს არ დაამთავრებს, სანამ ჰამასის მმართველობითი და სამხედრო უნარები განადგურებული არ იქნება. ბოლო არსებული მონაცემების მიხედვით, ჰამასის ტყვეობაში კიდევ 24 ისრაელელი მძევალია ცოცხალი.

კომენტარები