რადიო თავისუფლება

RFE/RL-ს დაფინანსება ავტომატურად არ შეგვიძლია, თუმცა რეალური ბიძგია, რომ გზა მოვნახოთ – კალასი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, რადიო თავისუფლებისთვის შეწყვეტილი აშშ-ს დაფინანსების ჩანაცვლება EU-ს ავტომატურად არ შეუძლია, მაგრამ "საგარეო საქმეთა მინისტრებისგან რეალური ბიძგი იყო", რომ ეს განიხილონ და გზა მონახონ. მანვე დაამატა, რომ "ნახავენ, რისი გაკეთება შეუძლიათ". 

ამის შესახებ მან EU-ს საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

"სამწუხაროა, რომ აშშ დაფინანსებას აუქმებს. ახლა ჩვენთვის კითხვა ის არის, შეგვიძლია თუ არა ჩვენი დაფინანსებით შემოვიდეთ, რათა ხვრელი ავავსოთ ახლა, როდესაც აშშ მიდის? ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ ავტომატურად ვერა, რადგან ბევრი ორგანიზაციაა, რომელიც ჩვენთან იგივე თხოვნით მოდის. თუმცა, საგარეო საქმეთა მინიტრებისგან რეალური ბიძგი იყო, რომ ეს განვიხილოთ და გზა მოვნახოთ". - თქვა კალასმა. 

მანამდე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ, ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა დაიწყონ დისკუსია, რათა "შენარჩუნდეს" რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო, მას შემდეგ, რაც აშშ-ს ადმინისტრაციამ მისი დაფინანსება შეაჩერა.

მისი თქმით, ევროპამ უნდა განიხილოს ზომები და მზაობა, შეინარჩუნოს რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო, რომლის სათავო ოფისი პრაღაში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაევალება, რომელთა შესრულებაც წესდებით დადგენილი არ არის.

სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:

  • მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
  • აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;
  • ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
  • სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
  • აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
  • თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
  • უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.

ცნობისთვის, აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიო თავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia). 

კომენტარები