რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, დღეს EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რადიო თავისუფლების დაფინანსების საკითხი განიხილეს, ამასთან დაკავშირებით ჩეხეთის პოზიციას კი ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა დაუჭირეს მხარი.
ამის შესახებ იოზვიაკი X-ზე წერს.
"დღეს EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა RFE/RL განიხილეს. ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა ჩეხეთის მხარდაჭერა გამოხატეს". - წერს იოზვიაკი.
მანამდე, იოზვიაკი წერდა, რომ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აშშ-ს მიერ რადიო თავისუფლებისთვის დაფინანსების შეწყვეტის მიუხედავად გამოცემის ევროპული ბიუროს შენარჩუნებაზე წინადადებას წარადგენდა.
"მრავალი კითხულობს RFE/RL-ისთვის EU-ს შესაძლო დაფინანსების შესახებ. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ბრიუსელში ამ საკითხის დასმას აპირებს და ხვალ ევროპელი მინისტრები ამის შესახებ წერილს განიხილავენ (და იმედია, ხელსაც მოაწერენ)". - წერდა იოზვიაკი.
მანამდე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ, ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა დაიწყონ დისკუსია, რათა "შენარჩუნდეს" რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო, მას შემდეგ, რაც აშშ-ს ადმინისტრაციამ მისი დაფინანსება შეაჩერა.
მისი თქმით, ევროპამ უნდა განიხილოს ზომები და მზაობა, შეინარჩუნოს რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო, რომლის სათავო ოფისი პრაღაში მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაევალება, რომელთა შესრულებაც წესდებით დადგენილი არ არის.
სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:
- მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
- აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;
- ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
- სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
- აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
- თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
- უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.
ცნობისთვის, აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიო თავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia).





