გერმანიაში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 8 მარტს ბერლინში დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტების სოლიდარობის აქციაზე ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი პლაკატით მივიდა.
ამის შესახებ მუხთარლი Facebook-ზე წერს.
"8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ქალბატონს, რომლებიც თავის და თავისი შვილების უფლებებს იცავს და რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ გულგრილნი არ არიან. მოვითხოვ ჩვენი 8 გმირი ქალი ჟურნალისტის თავისუფლებას, რომლებიც რეჟიმის დანაშაულებსა და უკანონობას შიშისა და ყოყმანის გარეშე ამხელენ". - წერს მუხთარლი.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ECHR) აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმე მოიგო. ორივე სახელმწიფოს ჯამში მისთვის 21 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.