ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ამის შესახებ სამინისტრო X-ზე წერს.
"ამ კვირას საქართველოში მზია ამაღლობელის სასამართლო საქმე დაიწყო.
რეპრესიული ქმედებები ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალიან შემაშფოთებელია და საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში არ მოდის.
ბელგია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას პატივი სცეს.
თუ არ არის პრესის თავისუფლება, არ არის დემოკრატია". - წერია ბელგიის განცხადებაში.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.