6 მარტს ბელგიის დედაქალაქში უკრაინის მხარდამჭერი სამიტი გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ. სამიტში მონაწილეობა მიიღო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
სამიტი ომის მიმდინარეობისას და ომის შემდგომი უკრაინის მხარდასაჭერ ქმედებებზე კონცენტრირდებოდა, მათ შორის, ბლოკის წევრი ქვეყნების მიერ კიევისთვის სამომავლო სამხედრო და ფინანსური დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხებდ.
წინადადება, რომელიც სამიტზე ევროპულმა საბჭომ წარადგინა, მოიცავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიმდინარე წელს უკრაინისთვის 30.6 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო და ფინანსური დახმარების გადაცემას, კიევის შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფას, სამომავლო რუსული აგრესიისგან ქვეყნის დასაცავად უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.
"ევროკავშირი დასაწყისიდანვე უკრაინის გვერდით დგას მაშინ, როცა იგი თავის ხელშეუვალ უფლებას იყენებს რუსეთის აგრესიის სრულმასშტაბიანი ომისგან თავდაცვისთვის და [ევროკავშირი] უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს. ევროპული კომისია იმეორებს მის განგრძობად და ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შიგნით ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომს უფრო ფართო შედეგები მოაქვს ევროპისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ომის დაწყებიდან ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ხაზს უსვამენ ომის დასრულების საჭიროებას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გამძლე მშვიდობის გზით, რომელიც გაეროს ჩარტერისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან თანხვედრაშია. ევროპული საბჭო მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას ამგვარი მშვიდობის მისაღწევად". - წერია ევროპული საბჭოს წინადადებაში.
ბლოკის 27 წევრიდან ევროპული საბჭოს წინადადებას მხარი 26-მა დაუჭირა. გამონაკლისი უნგრეთი იყო, რომლის პრორუსული განწყობების მქონე პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა, როგორც მოსალოდნელი იყო, წინადადების დასამტკიცებლად ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
თუმცა, ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მიიღო ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ წარდგენილმა გეგმამ ReArm Europe (ევროპის ხელახალი შეიარაღება), რომელიც ბლოკის თავდაცვის ერთობლივი ბიუჯეტისთვის 800 მილიარდი ევროს მობილიზებას ითვალისწინებს.
"განსაკუთრებულ დროს განსაკუთრებული ზომებია საჭირო. ეს გადამწყვეტი მომენტია ევროპისათვის და უკრაინისათვის, რომელიც ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. ევროპა აშკარა და თვალსაჩინო საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ, ევროპას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა და ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინას შეეძლოს თავდაცვა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ხელის შეწყობა". - თქვა ფონ დერ ლაიენმა გეგმის შესახებ სამიტის დაწყებამდე.