ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი დაიწყო - სხდომას, ბათუმელების ინფორმაციით, ესწრებიან ლიტვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი, ასევე ნორვეგიის და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.
სხდომის დაწყებამდე საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ TV პირველთან თქვა, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ შედგენილი დაკავებისა და სამართალდარევის ოქმები გაყალბებულ მონაცემებს შეიცავს. მისივე თქმით, ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ არსებობს დაინტერესება მზია ამაღლობელის სანიმუშოდ დასჯისა.
"დღეს არის მზია ამაღლობელის კიდევ ერთი საქმე. მის წინააღმდეგ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ე.წ. სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლით, რაც ასევე ემყარება არასწორ მტკიცებულებებს და არასწორ ოქმებს, მათ შორის იგულისხმება დაკავების ოქმი, სამართალდარღვევის ოქმი. ეს ორივე დოკუმენტი არის გაყალბებული მონაცემების შემცველი. ჩვენ, რა თქმა უნდა. გვაქვს ყველანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მზიას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რასაც ედავებიან ის. არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ამ ნაწილში ის პასუხისგებაში იყოს მიცემული ამ ნაწილში. ეს საქმე კავშირშია სისხლის სამართლის საქმესთან. გუშინწინ ჩატარდა სხდომა და დაუსაბუთებლად, ყველანაირი საფუძვლის გარეშე სასამართლომ კიდევ დატოვა პატიმრობაში. ყველაფერი ეს აჩვენებს იმას, რომ არსებობს დაინტერესება, რომ მზია სანიმუშოდ დაისაჯოს" - თქვა ქურდოვანიძემ.
4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
საიას განცხადებით, სასამართლომ სხდომაზე სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და "დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება", რითაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.





