მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილებას შენობაში მხარდამჭერების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

დაცვის მხარემ სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა დაუშვებლად ცნობილიყო ბრალდების მხარის რამდენიმე მტკიცებულება, მათ შორის, მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება. ასევე ბათუმელების კიდევ ერთი დამფუძნებლის, ეთერ თურაძის მოწმის სახით გამოკითხვა. რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურამ კი სასამართლოს მზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონზე წვდომასა და იქიდან ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობით მიმართა. 

ამაღლობელის საქმეში დევს გურიის პოლიციის დეტექტივის მიერ 15 თებერვალს შედგენილი პატაკი, რომელშიც ის მიუთითებს, რომ თითქოს, მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და თითქოსდა, ის ამის შესახებ გარკვეულ პირებთან კომუნიკაციას მობილური ტელეფონით აწარმოებდა.

დაცვის მხარემ მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, ბრალდების მხარე მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობები გაიზიარა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა მედიას მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის პირდაპირი ეთერით გაშუქების საშუალება არ მისცა.


მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები