ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა მედიას მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის პირდაპირი ეთერით გაშუქების საშუალება არ მისცა.
"ჩემი თხოვნა იქნება, პირდაპირი ეთერი გავთიშოთ. მიზეზი? პროცესის გაშუქება პირდაპირი ეთერით გათვალისწინებული არ არის არც საერთო სასამართლოების შესახებ კანონით და არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. გთხოვთ, პირდაპირი ეთერი გავთიშოთ". - მიმართა ჟურნალისტებსა და ოპერატორებს მოსამართლემ.
მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.





