ჩინეთი-აშშ

NBC News: ჩინური ბუშტი აშშ-ს სამხედრო ობიექტებიდან სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა

ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალებმა 4 თებერვალს ჩამოაგდეს.
AP

ჩინეთის სადაზვერვო ბუშტმა, რომელიც აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს, რამდენიმე საიდუმლო სამხედრო ადგილიდან სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ორ ამჟამინდელ ოფიციალურ პირსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ ყოფილ მაღალჩინოსანზე საყრდნობით ავრცელებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთს ბუშტის კონტროლი და შეგროვებული ინფორმაციის რეალურ დროში პეკინისთვის გადაცემა შეეძლო. გარდა ამისა, ოფიციალური პირების ინფორმაციით, ჩინეთის მიერ შეგროვებული ინფორმაციის წყარო ელექტრონული სიგნალები იყო, რომელიც შეიძლება მიღებული იყოს იარაღის სისტემებისგან ან მოიცავდეს შეტყობინებებს პერსონალისგან.

NBC News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთს გაცილებით მეტი ინფორმაციის შეგროვება შეეძლო, რომ არა ადმინისტრაციის ძალისხმევა, გადაეადგილებინათ პოტენციური სამიზნეები და ელექტრონული სიგნალების მიღება-გაგზავნაში ხელი შეეშალათ. 


4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი ობიექტი ჩამოაგდეს.

მანამდე კი თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

კომენტარები