ჩინეთმა აშშ-სთან ბირთვული გაუვრცელებლობისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. აღნიშნული ნაბიჯი პეკინმა ვაშინგტონის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის საპასუხოდ გადადგა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა სერიოზულად აზიანებს პოლიტიკურ ატმოსფეროს ორ მხარეს შორის შეიარაღების კონტროლზე კონსულტაციების გაგრძელებისთვის.
"სწორედ ამის გამო, ჩინეთმა გადაწყვიტა შეაჩეროს აშშ-სთან მოლაპარაკებები ბირთვული გაუვრცელებლობისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ კონსულტაციების ახალ ეტაპთან დაკავშირებით". - თქვა უწყების სპიკერმა.
აშშ-მ და ჩინეთმა ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებები გასული წლის ნოემბერში, ქვეყნების პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და სი ძინ პინის შეხვედრის წინ არსებული უნდობლობის შემსუბუქების ფარგლებში დაიწყეს.
მოლაპარაკებების შესახებ სხვა ინფორმაცია ამის შემდეგ არ გასაჯაროებულა. მიმდინარე წლის იანვარში კი თეთრი სახლის წარმომადგენელმა პეკინს მოუწოდა უპასუხოს "რისკის შემცირების შესახებ აშშ-ს ზოგიერთ უფრო არსებით იდეას".
ამასთან, პენტაგონი გასული წლის ოქტომბერში კონგრესის მიერ მიღებულ ანგარიშში აღნიშნავდა, რომ ჩინეთი საკუთარ ბირთვულ არსენალს იმაზე სწრაფად ავითარებს, ვიდრე აშშ მოელოდა.
პენტაგონის ცნობით, 2023 წლის მაისის მონაცემებით ჩინეთის არსენალში 500-ზე მეტი მოქმედი ბირთვული ქობინი შედის და სავარაუდოდ, 2030 წლისთვის ეს რიცხვი 1 000-ს გასცდება.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, აშშ-ს განკარგულებაში ამჟამინდელი მონაცემებით, 3 700-მდე ბირთვული ქობინია, რუსეთის არსენალი კი 4 500-მდე ქობინს ითვლის.





