ჩინეთი-აშშ

აუცილებელია ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის სტაბილიზაცია – ჩინეთის საგარეო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცინ განგი
Suo Takekuma

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ კანგმა პეკინში აშშ-ს ელჩთან, ნიკოლას ბარნსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დასტაბილურება აუცილებელია. მისივე თქმით, აშშ-მ ტაივანის საკითხთან დაკავშირებით მიდგომა უნდა გამოასწოროს და პატივისცემით მოეკიდოს ჩინეთის პოლიტიკას.  

"უმთავრესი პრიორიტეტი ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის სტაბილიზაციაა. თავიდან უნდა ავირიდოთ ნებისმიერი ინციდენტი, არ უნდა მოხდეს სპირალის პრინციპით ესკალაცია. აშშ-ს მხრიდან ცილისმწამებლურმა სიტყვებმა და ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა ორ ქვეყანას შორის ძნელად მოპოვებულ პოზიტიურ დამოკიდებულებას, დიალოგისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კვლავ გაცივდა". - თქვა ცინ კანგმა. 

ასევე, გასულ კვირას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა Washington Post-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩინეთთან კომუნიკაციის აღდგენა მნიშვნელოვანია. 


აპრილში სი ძინფინგთან პუტინის შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოცემა Euronews-თან ინტერვიუს მიმდინარეობისას თქვა, რომ ჩინეთი ორმხირვად თამაშობს - ომში სხვადასხვა გზებით რუსეთს უჭერს მხარს და თან სურს, რომ აღიქვან ისე, თითქოს მშვიდობის მიღწევა სურს.

"პირველ რიგში, სამშვიდობო იდეები, რომლებიც ჩინელებმა მოლაპარაკებების მაგიდაზე წამოაყენეს, ზოგიერთი მათგანი პოზიტიურია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ერთ-ერთი ელემენტი - აქცენტი უნდა გაკეთდეს სუვერენიტეტზე, ხოლო ჩინეთის ფოკუსი უნდა იყოს, რათა დაარწმუნოს რუსეთი, რომ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაუბრუნოს ტერიტორია, რომელიც მან ძალით წაართვა გაეროს წესდების დარღვევით." - ამბობს ბლინკენი.

ბლინკენის თქმით, მშვიდობის მიღწევის მოწოდებებისდა მიუხედავად, ჩინეთი რუსეთის პროპაგანდას ეხმარება და მეტიც, ომში რუსეთისთვის ლეტალური სამხედრო დახმარების გაწევასაც განიხილავს.

4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი ობიექტი ჩამოაგდეს.

მანამდე კი თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

ბლინკენმა აშშ-ს ურთიერთობა ჩინეთთან დაახასიათა, როგორც "კონკურენტული" და, ამასთანავე, "ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა, ამავდროულად, რთული", და აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს დიდი ინტერესი, იმართოს ურთიერთობები პასუხისმგებლობით, რათა კონკურენცია კონფლიქტში ან ცივ ომში არ გადაიზარდოს. 

კომენტარები