ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელის თქმით, ღაზაში დახმარება ვეღარ შევა, თუ ჰამასი შეთანხმებას არ გაახანგრძლივებს

WSJ

2 მარტს ისრაელმა გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას წყვეტს, სანამ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებაზე არ დათანხმდება. ცნობისთვის, შეთანხმების პირველი ფაზა 1-ელ მარტს დასრულდა.

ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს უწყების მიხედვით, პრემიერი ემხრობა აშშ-ს მიერ წარმოდგენილ წინადადებას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამადანისა და ფესახის თვეზეც გავრცელდეს. შესაძლო შეთანხმება ასევე გულისხმობს, რომ ღაზაში ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების ნახევარი შეთანხმების მიღწევის დღესვე გათავისუფლდნენ.

თუმცა ჰამასმა გეგმა მყისიერად უარყო და ტერორისტულ ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ნეთანიაჰუ და მისი მთავრობა უკვე შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინააღმდეგ "აშკარა გადატრიალების მოწყობას" ცდილობს.

ჰამასის მხრიდან შემოთავაზების უარყოფის შემდეგ ნეთანიაჰუს უწყებაში თქვეს, რომ "ჰამასის მხრიდან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე [აშშ-ს წარმომადგენლის, სტივ] უიტკოფის წინადადების უარყოფის ფონზე - რაზეც ისრაელი დათანხმდა - პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა, რომ დღეს დილის მდგომარეობით, ღაზის სექტორში პროდუქტებისა და მარაგების შეტანა შეწყდება".

ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში ჰამასის ტყვეობიდან ათეულობით ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა, თუმცა შეთანხმება 1-ელ მარტს დამთავრდა.

ისრაელის მხარეს სურს, რომ პირველი ფაზა გახანგრძლივდეს, რის ფარგლებშიც ჰამასი მძევლებს გაათავისუფლებს, ხოლო ისრაელი პალესტინელ პატიმრებსა და დაკავებულ პირებს გამოუშვებს. არსებული მონაცემებით, ღაზის სექტორში ტყვეობაში კიდევ 24 ისრაელელ მძევალია ცოცხალი.

კომენტარები